მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
საზმაუს გათავისუფლებული თანამშრომლების საჩივარი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა - Netgazeti

საზმაუს გათავისუფლებული თანამშრომლების საჩივარი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურული გადაცემის, „რეალური სივრცის“ გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელი.

ქეთევან კაპანაძე, იოსებ კაციტაძე, თამარ მშვენიერაძე, ომარ წოწორია, ტუხა კვინიკაძე მოითხოვდნენ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და 2022 წლის 30 დეკემბრის უვადო შრომითი ხელშეკრულებების პირობებით, გადაცემა „რეალური სივრცის“ შესაბამის პოზიციებზე აღდგენას.

სასარჩელო მოთხოვნებში ასევე მითითებული იყო, რომ თუ სასამართლო მიიჩნევდა, პირვანდელ სამუშაოზე მათი აღდგენა შეუძლებელი იყო, მოპასუხეს უნდა დავალებოდა ტოლფასი, მათივე კვალიფიკაციისა და სატელევიზიო გამოცდილების შესაბამისი სამუშაოთი უზრუნველყოფა. ხოლო, თუ აღდგენა ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფაც შეუძლებელი იქნებოდა, მოითხოვდნენ თითოეული მოსარჩელისთვის კომპენსაციის დაკისრებას 36 თვის ხელფასის ოდენობით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი, ანდრო კიკნაველიძე განმარტავდა, რომ ტოქშოუ „რეალურ სივრცეს“ საპროექტო ვადა 2025 წლის 1 მაისს ამოეწურა, ხოლო ამ ვადის ამოწურვამდე განვითარებული მოვლენების, მათ შორის გადაცემის წამყვანისა და სახის სამუშაოდან გათავისუფლების გათვალისწინებით, მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რეალური სივრცის“ საპროექტო ვადა აღარ გაგრძელებულიყო. გადაცემის დახურვამ და, შესაბამისად, მის ფარგლებში სამუშაოს შესრულების საჭიროების არარსებობამ კი წარმოქმნა ორგანიზაციული ცვლილებების აუცილებლობა, რომელიც გულისხმობდა ამ გადაცემაში დასაქმებულ თანამშრომელთა სხვა, ალტერნატიულ პოზიციაზე გადაყვანას. მას შემდეგ კი, „რაც მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს შეთავაზებაზე, მოპასუხემ მიიღო მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება“.

ქეთევან კაპანაძემ, „რეალური სივრცის“ ყოფილმა პროდიუსერმა კი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას თქვა, რომ გადაცემის დახურვის შემდეგ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა მათ შესთავაზეს მრავალწლიანი სატელევიზიო გამოცდილებისა და კვალიფიკაციისთვის სრულიად შეუსაბამო პოზიციები (ვებგვერდზე, რადიოსა და პრომოციის ჯგუფში).

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი ასევე ადანაშაულებდა ყოფილ თანამშრომლებს, რომ მათი განცხადებები და ინტერვიუები ლახავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას და ეჭვქვეშ აყენებდა თანამშრომლების მიუკერძოებლობას, ვინაიდან წარმოაჩენდა მათ მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიურ მხარდამჭერებად.

„რეალური სივრცის“ ყოფილი კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის თქმით, ისინი არათუ ბღალავდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას, არამედ ასრულებდნენ მათ პროფესიულ მოვალეობას და იცავდნენ მანდატს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში მომუშავე ყველა ადამიანს აქვს. მისი შეფასებით, მენეჯმენტის გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია.

2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, თამარ მშვენიერაძესა და იოსებ კაციტაძეს კი საყვედური გამოუცხადეს. გაათავისუფლეს „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. 1 მაისიდან დაიხურა გადაცემა „რეალური სივრცე“, მისი გუნდის წევრებს კი, რომლებმაც ახალ შეთავაზებებზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხიდან გათავისუფლებული წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ელიაძემ. ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გია ბერაიამ „პირველი არხიდან“ გათავისუფლებული წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საჩივარზე, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხის 5 ყოფილი თანამშრომლის, რეალური სივრცის თანამშრომლების საჩივრის განხილვა 6 აპრილს გაიმართა. გადაწყვეტილება კი დღეს, 20 აპრილს გამოცხადდა.

წყარო: მედიაჩეკერი

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია