მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. საქართველოს მაჩვენებელი კიდევ ერთ რეიტინგში გაუარესდა - Netgazeti
საქართველოს მაჩვენებელი კიდევ ერთ რეიტინგში გაუარესდა - Netgazeti

საქართველოს მაჩვენებელი კიდევ ერთ რეიტინგში გაუარესდა - Netgazeti

ნეტგაზეთი25 მარტი, 2026, 11:06|netgazeti.ge

სამოქალაქო ორგანიზაციების საერთაშორისო ალიანსის, CIVICUS Monitor-ის რეიტინგში (სამოქალაქო სივრცის მონიტორინგი), რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების მაჩვენებელს ზომავს, საქართველოს მიენიჭა რეპრესირებულის სტატუსი.

ეს არის მეორე ყველაზე ცუდი სტატუსი, რაც ქვეყანამ შეიძლება მიიღოს.

CIVICUS Monitor-ის რუკაზე ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ვითარება შემდეგნაირად არის დაყოფილი:

გახსნილიშევიწროებულიშეფერხებულირეპრესირებულიჩაკეტილი.

CIVICUS Monitor-ის განმარტებით, ქვეყანას რეპრესირებულის სტატუსი ენიჭება, როცა სამოქალაქო სივრცე მნიშვნელოვნად შეზღუდულია. კერძოდ, CIVICUS Monitor რეპრესირებულის სტატუსის მქონე ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას შემდეგნაირად აღწერს:

„აქტიური პირები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებიც აკრიტიკებენ მმართველ ძალებს არიან თვალთვალის, შევიწროების, დაშინების, დაპატიმრების, დასახიჩრებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სამოქალაქო ორგანიზაცია არსებობს, მათ ადვოკატირების საქმიანობას რეგულარულად ექმნება დაბრკოლებები და მათ ხელისუფლების მხრიდან რეგისტრაციის გაუქმება და დახურვა ემუქრებათ. მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზატორები ან მონაწილეები, სავარაუდოდ, ხელისუფლების სამიზნე ხდებიან გადამეტებული ძალის გამოყენებით და ემუქრებათ მასობრივი დაპატიმრებები და დაკავება. მედია, როგორც წესი, ასახავს სახელმწიფოს პოზიციას, ხოლო ნებისმიერი დამოუკიდებელი ხმა სისტემატურად იდევნება რეიდების, ფიზიკური თავდასხმებისა თუ ხანგრძლივი სამართლებრივი დევნის გზით. ვებგვერდები და სოციალური მედიის პლატფორმები იბლოკება, ხოლო ინტერნეტ-აქტივიზმი მკაცრად კონტროლდება“.

2018-დან 2023 წლამდე CIVICUS Monitor-ის რუკაზე საქართველოს შევიწროებული ქვეყნის სტატუსი ჰქონდა. 2024 წელს საქართველოს სტატუსი შევიწროებულიდან შეფერხებულამდე დაქვეითდა. ბოლო, 2025 წლის ანგარიშის მიხედვით კი, საქართველო რეპრესირებული ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ქვეყანას სამოქალაქო თავისუფლებების შეფასების მიხედვით მაქსიმალური 100-დან 34 ქულა აქვს. 2024 წელს საქართველოს 54 ქულა ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელში ქვეყნის სამოქალაქო თავისუფლებების შეფასება 20 ქულით დაქვეითდა.

ფოტო: CIVICUS Monitor-ის 2025 წლის ანგარიშიდან

ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებების მკვეთრი გაუარესების გამო CIVICUS Monitor-მა საქართველო საზედამხედველო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამ სიაში ის ქვეყნები შეჰყავთ, სადაც სამოქალაქო თავისუფლებების სწრაფი და მნიშვნელოვანი გაუარესება შეინიშნება.

CIVICUS Monitor-ს თანახმად, სიაში შეყვანა ასახავს დემოკრატიული უკუსვლის საგანგაშო ტემპს, რადგან მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იღებს ფართომასშტაბიან რეპრესიულ კანონებს და აძლიერებს ბრძოლას განსხვავებული აზრის წინააღმდეგ გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე.

საზედამხედველო სიაში მოხვედრის მიზეზებია:

შემზღუდველი კანონმდებლობის შეუჩერებელი ტალღა: მათ შორის ახალი კანონები „უცხოური აგენტების“ შესახებ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა „კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ექსტრემიზმისთვის“ და თანმდევი ცვლილებები, რომლებიც საპროტესტო აქტივობების ფართო სპექტრის კრიმინალიზაციას ახდენს.მზარდი ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე: მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი საქმეები, ადმინისტრაციული შემოწმებები და საბანკო ანგარიშების გაყინვა.პოლიტიკური ოპოზიციის დევნა: წამყვანი პოლიტიკოსების დაპატიმრება და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, რომლებსაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

საქართველოსთან ერთად, საზედამხედველო ქვეყნების სიაში ასევე მოხვდნენ ბენინი, ეკვადორი, ირანი და ფილიპინები — ყველა ის ქვეყანა, სადაც ბოლო პერიოდში უფლებების სწრაფი გაუარესება დაფიქსირდა.

„საქართველო ადამიანის უფლებათა საზედამხედველო სიაში მოხვდა ახალი კანონების ამოქმედების ფონზე, 2024 წლიდან პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებასთან ერთად, სამოქალაქო სივრცე სწრაფად ვიწროვდება. აქციებისა და უცხოური დაფინანსების შესახებ მიღებული კანონები ზღუდავს განსხვავებულ აზრს. იზრდება ზეწოლა დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე

საქართველოს საზედამხედველო სიაში მოხვედრის მიზეზი ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი რეპრესიებია, რაც 2024 წლის მასობრივი პროტესტით დაწყებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე გამძაფრდა. მას შემდეგ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, აამოქმედა რეპრესიული კანონებისა და სადამსჯელო ღონისძიებების ტალღა, რომელიც მიზნად ისახავს პროტესტის შეზღუდვას და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობის შეფერხებას.

მდგომარეობის გაუარესების საგანგაშო ტემპი აისახა ქვეყნის სამოქალაქო სივრცის რეიტინგშიც. 2024 წელს, სტატუსის შევიწროებულიდან შეფერხებულამდე დაქვეითების შემდეგ, 2025 წლის დეკემბერში CIVICUS Monitor-მა საქართველოს რეიტინგი კიდევ უფრო დასწია და რეპრესირებულის კატეგორიაში შეიყვანა. ეს კლასიფიკაცია, რომელიც ქვეყნისთვის შესაძლო მეორე ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, მიუთითებს გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების მკაცრ შეზღუდვაზე“, – ნათქვამია CIVICUS Monitor-ს პრესრელიზში.

CIVICUS Monitor-ის მკვლევარი ევროპის საკითხებში, ტარა პეტროვიჩი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაჩქარებული ტემპით ნერგავს ახალ შეზღუდვებს და ნაბიჯ-ნაბიჯ შლის სამოქალაქო სივრცეს.

„ეს რეპრესიული კანონების ნაკადი სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს, ხოლო ის დებულებები, რომლებიც შეუსაბამოა საქართველოს ადამიანის უფლებათა ვალდებულებებთან, სრულად უნდა გაუქმდეს…

ამ რეპრესიული ზომების სისწრაფემ და მასშტაბმა უნდა შეაშფოთოს ყველა, ვინც საქართველოს მომავალზე ზრუნავს. ქვეყანა სწრაფად უახლოვდება წერტილს, სადაც რეალური პროტესტი, შესაძლოა, აღარ იყოს შესაძლებელი“, — აცხადებს ტარა პეტროვიჩი.

CIVICUS Monitor-ის შესახებ

CIVICUS Monitor არის სამოქალაქო ორგანიზაციების საერთაშორისო ალიანსის ონლაინ პლატფორმა, რომელიც აკვირდება სამოქალაქო თავისუფლებების მდგომარეობას 198 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

CIVICUS Monitor აანალიზებს, თუ რამდენად არის დაცული სამოქალაქო საზოგადოების სამი ფუნდამენტური უფლება: გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება.

CIVICUS Monitor ასევე აანალიზებს, რა ხარისხით უზრუნველყოფენ სახელმწიფოები სამოქალაქო საზოგადოების დაცვას.

მეთოდოლოგია

CIVICUS Monitor სხვადასხვა წყაროდან მიღებულ მონაცემებს აერთიანებს. სტანდარტული გამოთვლებისა და ვერიფიკაციის პროცედურების მეშვეობით, თითოეული ქვეყნისთვის ადგენს სახელმძღვანელო ქულას, რომელსაც სამოქალაქო სივრცის მდგომარეობის შესაფასებლად იყენებს. სამოქალაქო სივრცე განისაზღვრება, როგორც კანონმდებლობითა და პრაქტიკით განმტკიცებული პატივისცემა გაერთიანების, ისე მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების მიმართ.

„სტრუქტურირებული მიდგომით ჩვენ უზრუნველყოფთ მონაცემთა დამუშავების გამჭვირვალობასა და სხვადასხვა ქვეყნის ანალიზისას თანმიმდევრულობას. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მიერ გენერირებული მონაცემები რეიტინგებზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, რაც ასახულია სხვადასხვა მონაცემთა ნაკრებისთვის მინიჭებულ წონაში. გარდა ამისა, CIVICUS Monitor-ის რეიტინგებისთვის მომზადებულ ყველა კვლევას სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი განიხილავს.

CIVICUS Monitor-ის მეთოდოლოგიის ქვაკუთხედს სამოქალაქო სივრცის შესახებ რამდენიმე დამოუკიდებელი მონაცემთა წყაროს კომბინაცია წარმოადგენს. ვინაიდან სამოქალაქო სივრცეზე გავლენას ახდენს რთული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პროცესები, CIVICUS Monitor ანალიზისა და რეიტინგებისთვის უამრავ რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემს იყენებს. ამის მიზანია შერჩევის ცდომილებისა და მონაცემთა მიკერძოებულობის შემცირება, რათა თავიდან იქნას აცილებული გადამეტებული დამოკიდებულება რომელიმე კონკრეტულ მონაცემთა ნაკრებზე.

CIVICUS მუდმივად ახდენს CIVICUS Monitor-ის მიერ გენერირებული მონაცემების რეფლექსიას და უზრუნველყოფს, რომ მისი მეთოდოლოგია მოიცავდეს უახლეს ხედვებსა და სამოქალაქო სივრცის შესახებ მონაცემთა წყაროებს. CIVICUS Monitor-ის განვითარების პროცესში, 2018 წლის შემდეგ მეთოდოლოგია ორჯერ განვაახლეთ. CIVICUS Monitor-ის მეთოდოლოგია ისეა შექმნილი, რომ მოიცავდეს მრავალ წყაროს, რომლებიც საბოლოო რეიტინგების გამოსაყვანად გამოიყენება. ეს გამიზნულად გაკეთდა იმისათვის, რომ შემცირებულიყო გადამეტებული დამოკიდებულება რომელიმე კონკრეტულ წყაროზე და გაზრდილიყო CIVICUS Monitor-ის რეიტინგების სტაბილურობა და მდგრადობა ცვლილებების მიმართ. შესაბამისად, მეთოდოლოგიური გაუმჯობესების მიუხედავად, რეიტინგების შესახებ ინფორმაცია კვლავაც შედარებადია როგორც დროში, ისე სხვადასხვა ქვეყანას შორის“, – ვკითხულობთ CIVICUS Monitor-ის მეთოდოლოგიაში.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხოშტარიას სასჯელი უკავშირდება სიმბოლურ ზიანს, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა – Amnesty International

ხოშტარიას სასჯელი უკავშირდება სიმბოლურ ზიანს, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა – Amnesty International

ნეტგაზეთი

ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში – ვოლსკი ხოშტარიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში – ვოლსკი ხოშტარიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

ნეტგაზეთი

უფლებადამცველები არ უნდა დაექვემდებარონ დაშინებას — გაეროს მომხსენებელი

უფლებადამცველები არ უნდა დაექვემდებარონ დაშინებას — გაეროს მომხსენებელი

ნეტგაზეთი

ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კვლავ 2-წლიანი იქნება – პროტესტის შემდეგ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კვლავ 2-წლიანი იქნება – პროტესტის შემდეგ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

ნეტგაზეთი