
მადიარმა განმარტა, დააკავებენ თუ არა ნეთანიაჰუს უნგრეთში ვიზიტის შემთხვევაში - Netgazeti
უნგრეთის არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უნდა დააკავოს, თუკი იგი უნგრეთის ტერიტორიაზე შევა, სანამ მასზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ძებნაა გამოცხადებული.
ICC-მ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი 2024 წლის ნოემბერში გასცა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო დანაშაულების გამო. ICC-ის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან დააკავონ ის პირები, რომლებზეც მსგავსი ორდერებია გაცემული.
უნგრეთმა მანამდე უარი თქვა ისრაელის ლიდერის დაკავებაზე, როდესაც ბუდაპეშტს 2025 წლის აპრილში ესტუმრა, როცა პრემიერ-მინისტრის პოსტს ნეთანიაჰუს ახლო მოკავშირე ვიქტორ ორბანი იკავებდა. შეხვედრამდე ორბანმა განაცხადა უნგრეთის ICC-დან გამოსვლის შესახებ — პროცესი, რომლის ძალაში შესვლასაც სასამართლოს წესდებით ერთი წელიწადი სჭირდება — და ნეთანიაჰუს იმუნიტეტის გარანტია მისცა.
თუმცა მადიარმა განაცხადა, რომ იგი შეაჩერებს ICC-დან გასვლის პროცესს 2 ივნისამდე.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ნიშნავდა ეს ნეთანიაჰუს ამ შემოდგომაზე დაგეგმილი ვიზიტის კონტექსტში — რომელმაც უკვე მიიღო უნგრეთის მოწვევა — მადიარმა თქვა: „მე ისრაელის პრემიერ-მინისტრსაც ნათლად ვუთხარი… ეს არის “ტისას” მთავრობის მტკიცე განზრახვა, შეაჩეროს ეს პროცესი და უზრუნველყოს, რომ უნგრეთი დარჩეს ICC-ის წევრად.“
მან დასძინა: „თუ ქვეყანა ICC-ის წევრია და პირი, რომელსაც ICC ეძებს, ჩვენს ტერიტორიაზე შემოდის, მაშინ ეს პირი უნდა დავაკავოთ.“
თუმცა, POLITICO-ს ცნობით, ზოგიერთი ქვეყანა ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ დარჩნენ ICC-ის წევრებად მსგავსი ორდერების აღსრულების გარეშეც.
საფრანგეთმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს დაკავება ეწინააღმდეგება სხვა შეთანხმებებს, რომლებიც მას ისრაელთან აქვს. ICC-ის წესდების 98-ე მუხლი მხარს უჭერს საფრანგეთის არგუმენტაციას, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანას არ შეუძლია „იმოქმედოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შეუსაბამოდ, რაც შეეხება… პირის დიპლომატიურ იმუნიტეტს.“
გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა 2025 წლის აპრილში განაცხადა, რომ ვერ წარმოედგინა თავისი ქვეყნის მიერ ნეთანიაჰუს დაკავება. ისრაელის ლიდერს იმუნიტეტი იტალიამაც მიანიჭა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge