
„ოცნებამ“ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო - Netgazeti
„ქართულმა ოცნებამ“ 80 ხმით, 0-ის წინააღმდეგ, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მიიღო მორიგი ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში.
ამჯერად ცვლილებები შეეხება დიპლომატიური წარმომადგენლობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემულ გრანტებს.
კერძოდ, კანონპროექტის მიღების შედეგად გრანტად აღარ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით შინაარსობრივად არაფერი იცვლება და მხოლოდ სპეკულაციებისგან თავის ასარიდებლად ზუსტდება, რომ საელჩოს მიერ თავისი ოპერაციული ხარჯებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად საკუთარი სახელმწიფოსგან თანხის მიღება საქართველოს მთავრობის თანხმობას არ საჭიროებს.
„საელჩოებს ეხებოდა თუ არა [წინა ვერსია]? — დიახ, ეხებოდა და ახლაც ეხება იმ ნაწილში, თუ საელჩოები გადაწყვეტენ, პოლიტიკური აქტივობა დააფინანსონ ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, ისეთი შემთხვევები, როგორიც იყო, როდესაც ერთმა კონკრეტულად საელჩომ, როდესაც ამ დარბაზში მესამე მოსმენით განიხილებოდა გრანტების შესახებ კანონი მესამე მოსმენით, იმავე წუთს გასცა გრანტი, რომლის დასაბუთებაც იყო, რომ თურმე ტურისტული რუკები მოემზადებინათ კონკრეტულ ორ ორგანიზაციას, რომლის მმართველობაში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ 2024 წლის სიაში მყოფი პირები. ეს არის პოლიტიკური დაფინანსება“, — განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, აკაკი ალადაშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური და რატი იონათამიშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ ბოლოს 4 მარტს შეიტანა რეპრესიული ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში. ცვლილებებით, გაფართოვდა გრანტის ცნება.
კანონის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საკუთარი ქართული ფილიალისთვის გრანტის მიღება მთავრობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით. მათზე არ ვრცელდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის გრანტის მიმღებისთვის დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე.
დამატებით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში ეკრძალება მას, ვინც დიდწილად უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობს. პოლიტიკური პარტიებისათვის კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები, ფინანსური გამჭვირვალობისა და მონიტორინგის ვალდებულებები ფართოვდება და ვრცელდება ასევე პირზე, რომელიც არ არის პარტია, თუმცა საკუთარი საქმიანობის შინაარსით, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით ემსგავსება პარტიას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება მეწარმე იურიდიული პირებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ საჯარო პოლიტიკურ აქტივობას.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოებად ჩაითვლება და სასჯელს სულ მცირე 1 წელი დაემატება.
კოდექსს დაემატა ახალი მუხლი „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.
ამ მუხლის თანახმად, „საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს,- ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
„ოცნებას“ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები ისევ შეაქვს
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge