
მადიარის თქმით, აღარ დააფინანსებს CPAC-ს, სადაც „ოცნების“ პრემიერებსაც იწვედნენ - Netgazeti
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა აღარ დააფინანსებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას (CPAC).
ეს არის კონფერენცია, რომელიც ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში ბუდაპეშტში იმართებოდა და ბოლო წლებში მასში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრებიც მონაწილეობდნენ.
„სახელმწიფო არ დააფინანსებს ამ ყველაფერს — არც ღონისძიებას, რომელსაც CPAC ჰქვია, და არც მასთან დაკავშირებულ სხვა ინსტიტუტებს, როგორიცაა „მათიას კორვინუსის კოლეგიუმი“ და სხვა მსგავსი აფილირებული ორგანოები. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს ისინი თავიდანვე არ უნდა დაეფინანსებინა, ეს დანაშაული იყო. პარტიული დაფინანსების აღრევა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებთან, ჩემი ხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულია და ეს მომავალმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს, მათ შორის საჯარო აქტივების აღდგენისა და დაცვის ეროვნულმა ოფისმა, რადგან ეს საბიუჯეტო სახსრები პარტიული ღონისძიებების დასაფინანსებლად არ იყო განკუთვნილი.
CPAC-ის ჩამოსვლა ბუდაპეშტში მისასალმებელია, ძალიანაც მისასალმებელი, თუმცა ის არ უნდა ფინანსდებოდეს უნგრელი გადასახადის გადამხდელების ფულით. ის უნდა დააფინანსონ „ფიდესმა“ ან ორბანის ნდობით აღჭურვილმა პირებმა — ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ეს ფული უკან არ იქნება დაბრუნებული“ ,— განაცხადა მადიარმა.
ღონისძიების თავმჯდომარემ მიანიშნა, რომ მემარჯვენე აქტივისტები და პოლიტიკოსები კვლავაც გააგრძელებენ უნგრეთში ყოველწლიურად შეკრებას.
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) არის 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრება. ბოლო 5 წელია CPAC ბუდაპეშტშიც ტარდება.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge