
ომბუდსმენის პირველი კომენტარი სადიგოვის გაძევებაზე და იურისტის კრიტიკა მის მიმართ - Netgazeti
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან სადიგოვის გაძევების შესახებ შეფასებას საზოგადოებას სამომავლოდ წარუდგენს.
როგორც იოსელიანმა ნეტგაზეთის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ საკითხს სჭირდება სამართლებრივი შეფასება.
“მის უფლებადამცველებთან მქონდა კომუნიკაცია. რაც შეეხება შეფასებას, შეფასება აუცილებლად გვექნება ამაზე იმიტომ, რომ როგორც თქვენ თქვით, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას. სამართლებრივ შესწავლას ვგულისხმობ, და, შესაბამისად, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, პოზიცია გვექნება. იმ პროცესში, როდესაც ბატონი სადიგოვი იმყოფებოდა საქართველოში, დაწყებული მისი დაკავებიდან ბოლომდე, ყოველდღიურად ვიყავით ჩართული, ვახდენდით მონიტორინგს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის უფლებადამცველებთან მქონდა განუწყვეტლივ პროცესში კომუნიკაცია, ვიცოდით, ზუსტად რა პროცესი მიმდინარეობდა, ამაზე მეტის თქმა ახლა არ შემიძლია. ალბათ ამაზე მეტის თქმას შევძლებ, როდესაც უკვე სამართლებრივად შევისწავლით კონკრეტულად იმ საკითხს, რამდენად სწორად მოხდა მისი საქართველოდან გაძევება”, – განაცხადა იოსელიანმა.
კითხვას, რა სახით უნდა ელოდოს საზოგადოება მისგან პოზიციის დაფიქსირებას, იოსელიანი პასუხობს:
“როდესაც დასრულდება შესწავლა… პოზიცია განცხადების სახით იქნება თუ ანგარიშში აისახება, თუ ზოგადად მედიასთან ვიტყვი, ეს კომუნიკაციის საკითხია…”.
როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დაავალა, არ გადაეცა სადიგოვი აზერბაიჯანისთვის, რადგან სტრასბურგი ხედავდა მისი უფლებების დარღვევის მომატებულ რისკებს. საქართველომ ექსტრადიციის ნაცვლად სადიგოვი აზერბაიჯანში დეპორტაციის გზით გადაიყვანა. ანუ აზერბაიჯანულმა მხარემ ჯერ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შემდეგ კი ქართულმა მხარემ აზერბაიჯანში გააძევა.
უფლებადამცველმა და იურისტმა თამთა მიქელაძემ გააკრიტიკა სახალხო დამცველი იმის გამო, რომ მას 10 დღის შემდეგაც კი არ აქვს პოზიცია აფგან სადიგოვის გაძევებისა და მისი უფლებების შესახებ.
“სახალხო დამცველი 10 დღის შემდეგ გამოეხმაურა აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით გაძევების ფაქტს და განაცხადა, რომ ამ საკითხს შესწავლა სჭირდება და აუცილებლად გვექნება შეფასება მომავალში. უმძიმეს, აშკარა და დემონსტრაციულ კონვენციურ დარღვევაზე სახალხო დამცველს 10 დღის შემდეგაც არ აქვს შეფასება, არც ერთი პოსტი ან განცხადება არ უდევს საკუთარ ვებ-გვერდზე და ახლა ამბობს, რომ მომავალში გვექნებაო. ეს ნორმალურია? მყისიერი და დროული რეაგირება უფლების დარღვევის ფაქტებზე რა არის, საერთოდ ესმით ამ ოფისში ისევ როგორც modus operandi?
ლევან იოსელიანის პასუხი ჩვენს კრიტიკაზე თავის დროზე ის იყო, რომ მას სიფრთხილე სჭირდებოდა, რათა პრაგმატული და საქმიანი კომუნიკაცია ჰქონოდა მთავრობასთან და რეალური შედეგები ჰქონოდა მის მუშაობას. და სად არის შედეგები? რა შეაკავა სახალხო დამცველმა 3 წლისთავზე? სამოქალაქო საზოგადოება დაანგრია რეჟიმმა, შეკრების თავისუფლება კანონით ჩამოგვერთვა, წამება და ძალადობა სისტემური გახდა შეკრების მონაწილეების მიმართ, პოლიტიკური უფლებების წარმოუდგენელი გაუარესებაა ქვეყანაში და ერთი სპეციალური ანგარიში არ არის ამ საკითხებზე მომზადებული აპარატის მიერ. ან რომელი ეფექტურად გამოყენებული საერთაშორისო მექანიზმი გახსენდებათ, რომელიც ოფისმა პროაქტიულად და აგრესიულად გამოიყენა მოქალაქეების დასაცავად? (მიწასთან გასწორებული სამოქალაქო საზოგადოება ვცდილობთ ისევ ამ მექანიზმების გამოყენებას). 1 წლის წინ, როცა ელენე ხოშტარიას გაშიშვლების საკითხი დადგა დღის წესრიგში დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების დროს, ომბუდსმენმა ზარ-ზეიმით გვაცნობა, რომ გაშიშვლების პრაქტიკაზე რეკომენდაცია მიიღო მთავრობამ და შეჩერდებოდა.
ბოლო ანგარიშში კი ისევ იმას წერენ, რომ ეს პრაქტიკა არ გაჩერებულა. ამ პრაქტიკის შემოტრიალებაც კი ვერ შეძლო სახალხო დამცველმა და ამ პრაგმატული, დაბალანსებული და აუღელვებელი სტრატეგიით რას აშენებს, ახსნას საჯაროდ. საზოგადოებას ანგარიში ჩაგვაბაროს, რომ გაჩუმების, მხარდაჭერის არქონის, სახალხო დამცველისთვის უფლებადამცველის რეპუტაციისა და განცდის სრულად წართმევისა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ანგარიშში (კი, ნორმალურია ანგარიშების ტექსტები ნამდვილად) ჩაწერის ფასად რანაირად ღირს ეს სტრატეგია? ახლა, როცა უფლებადამცველების ქსელი ასეთი დაზიანებული და დასუსტებულია რეჟიმის მიერ, სახალხო დამცველი ამ დაყოვნებით და პასიურობით უნდა მუშაობდეს?”, – დაწერა თამთა მიქელაძემ.
თამთა მიქელაძე არის იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც სადიგოვის უფლებებს იცავს, საუბარია სოციალური სამართლიანობის ცენტრზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge