მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
რის შესახებ ისაუბრეს სახალხო დამცველმა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - Netgazeti

რის შესახებ ისაუბრეს სახალხო დამცველმა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

დღეს, 14 აპრილს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრა 45 წუთის გაგრძელდა, შემდეგ კი იოსელიანმა ჟურნალისტებთან ჩამოთვალა საკითხები, რომელთა შესახებაც კომისარს ესაუბრა.

იოსელიანის თქმით, საუბარი შეეხო პროევროპული აქციების პარალელურად დაკავებულ მოქალაქეებს. მათ შორის, ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობას და ა.შ. სახალხო დამცველმა თქვა, რომ ადამიანის უფლებათა კომისარს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც მისი მანდატის ფარგლებშია.

“ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ძირითადად საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა. კომისარი დაინტერესდა მიმდინარე პროცესებში ჩემი, როგორც სახალხო დამცველის, ჩართულობით და პარლამენტისთვის წარდგენილი ჩვენი ანგარიშით.

საუბრისას ხაზი გაესვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს: საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას; საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებული და ამჟამად საპატიმროში მყოფი პირების, მათ შორის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას; ასევე, დაისვა კითხვები იმის თაობაზე, მიეცა თუ არა ვინმე პასუხისგებაში აქციის მონაწილეებზე ფიზიკურ ძალადობაში დამნაშავე პირთაგან.

დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაზეც ჩვენი მანდატის ფარგლებში ვმუშაობთ. გარდა ამისა, ვისაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობასა და პარლამენტის მიერ ახლახან მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე. გავაცანი ჩემი ოფიციალური პოზიცია კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. მათ შორის, ე.წ. გრანტების კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებზე.

ასევე, მივაწოდე ის დასკვნა, რომელიც ეუთო/ოდირისგან გამოვითხოვეთ და ვიმსჯელეთ იმ შედეგებზე, რაც ამ საკანონმდებლო ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ისაუბრეს თუ არა იმის შესახებ, რამდენად შესრულდა მაიკლ ო’ფლაერტის წინა ვიზიტის შემდეგ გაცემული რეკომენდაციები, ლევან იოსელიანმა უპასუხა, რომ – არა. სახალხო დამცველმა ივარაუდა, რომ კომისარი ამ საკითხს იმ უწყებებთან განიხილავს, ვისაც ამ რეკომენდაციების შესრულება ევალებოდა.

იოსელიანმა არ უპასუხა კითხვას თავად ო’ფლაერტის შეფასებებზე.

“თავად მის პოზიციაზე კი მე ვერ ვისაუბრებ, ამას თავად გააჟღერებს”, – თქვა მან.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან შეხვედრას ესწრებოდა იოსელიანის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე, კომისრის აპარატის დირექტორის მოადგილე კლაუდია ლამი და მრჩეველი რომერ ლემეტრი.

ამავე თემაზე:

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია