
აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტით სომხეთის მოსახლეობამ ათობით მილიარდი დაზოგა - ფაშინიანი - Netgazeti
“აზერბაიჯანიდან სომხეთის რესპუბლიკაში ნავთობპროდუქტების იმპორტის შედეგად სომხეთის მოქალაქეებმა და მოსახლეობამ ათობით მილიარდი დაზოგეს”, – ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების იმპორტი არის ის ბოლო ფაქტორი, რომლის შედეგადაც ჩვენ დავასრულეთ ნავთობპროდუქტების ბაზარზე მონოპოლიის დემონტაჟის ოპერაცია, რომელიც 8 წელი გრძელდებოდა. რატომ 8 წელი? იმიტომ, რომ ჩვენ მაფიას ვებრძვით“, – განაცხადა ფაშინიანმა და თქვა, რომ ეს მაფია მხოლოდ შიდასომხური არ არის და მას ზოგჯერ სხვადასხვა განშტოებები აქვს სხვა ადგილებშიც.
2025 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის მიმართულებით სატრანზიტო შეზღუდვების მოხსნის შესახებ განაცხადა. სომხეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ნაბიჯი რეგიონული კომუნიკაციების გახსნისთვის მნიშვნელოვან წინსვლად შეაფასა.გარდა ამისა, ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, აზერბაიჯანმა სომხეთში საწვავის მიწოდებაც დაიწყო: 2025 წლის დეკემბერში განხორციელდა ბენზინის პირველი ექსპორტი, ხოლო 2026 წლის იანვარში – მეორე პარტია. მარტში კი ცნობილი გახდა, რომ სომხეთში 4,5 ათასი ტონა დიზელის საწვავი გაიგზავნა.ექსპერტების შეფასებით, ამ მოცულობის ენერგომატარებლების მიწოდება ეკონომიკურად დიდი არ არის და უფრო მეტად პოლიტიკურ ჟესტად განიხილება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას უკავშირდება.
ფაშინიანის თქმით, ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილ კრიზისს სომხეთის მოქალაქეები და ეკონომიკა უფრო საგრძნობლად იგრძნობდნენ, რომ არა სომხეთისკენ მიმავალი აზერბაიჯანული რკინიგზის გახსნა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge