
ანტონ ჩეჩინი სრულად დახურული ტიპის საპატიმროში გადაიყვანეს - ადვოკატი - Netgazeti
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ანტონ ჩეჩინი სრულად დახურული ტიპის საპატიმროში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, დარია სამოდუროვა ავრცელებს და შესაბამის ბრძანებას ავრცელებს.
აქამდე ჩეჩინი ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულებაში იყო.
ბრძანებაში, რომელსაც ხელს პენიტენციური სამსახურის დირექტორი, გიორგი პატარიძე აწერს ხელს, ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება იიღეს მსჯავრდადებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2026 წლის 6 აპრილის საიდუმლო სხდომის საფუძველზე.
რა განიხილეს საიდუმლო სხდომაზე, ამ ეტაპზე ადვოკატისთვისაც უცნობია. თუმცა მომხდარს უკავშირებს ციხის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს, ვინმე “მახოსა” და პატიმრებს შორის ჯერ კიდევ თებერვალში დაწყებულ კონფლიქტს.
“მახოს” ზუსტი პოზიცია პატიმრებმა არ იციან, თუმცა ადვოკატები ჰყვებიან, რომ მათ აგინებს, ამცირებს და ემუქრება.
სწორედ “მახოსთან” კონფლიქტის შემდეგ გადაიყვანეს დახურული ტიპის დაწესებულებაში არტემ გრიბული – კიდევ ერთი რუსი პატიმარი, რომელიც საქართველოში პროევროპული აქციების დროს დააკავეს.
დარია სამადუროვა ორივე მსჯავრდადებულის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პატიმარს უმცირდება კომუნიკაციის დრო – თვის განმავლობაში დარეკვისთვის განკუთვნილი წუთები და პაემნების რაოდენობა.

2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული აქციების შემდეგ დაკავებულებს შორის 4 რუსეთის მოქალაქეა: ანტონ ჩეჩინი, არტემ გრიბული, ანასტასია ზონოვკინა და დენის კულანინი. ეს უკანასკნელს შსს-ის ავტომობილის დაზიანების ბრალდებით იყო დაკავებული და 2025 წლის 4 ივნისს 2 წელი მიუსაჯეს. ის დანაშაულს აღიარებდა. რაც შეეხება დანარჩენს სამს, პროკურატურა სამივეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებოდა. ისინი ბრალს არ აღირებდნენ და აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი პოლიციამ პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო “ჩაუდო”. თუმცა, 2025 წლის სექტემბერში სამივე მათგანს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ამჟამად სამივე დახურული ტიპის დაწესებულებაში აგრძელებს სასჯელის მოხდას.
ამავე თემაზე:
არტემ გრიბული ციხის თანამშრომელს დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს, ადვოკატი პროკურატურას მიმართავს
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge