
ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში შეხვდებიან - Netgazeti
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან, როდესაც ბრიუსელიდან დაბრუნდება.
„დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ მას. არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და გვექნება შესაძლებლობა, თბილისში შევხვდეთ, როდესაც დაბრუნდება ბრიუსელიდან“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ის დაეთანხმა „ქართული ოცნების“ ლიდერების კრიტიკას ელჩის მიმართ და თქვა, რომ შემაშფოთებელია ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
„კიდევ ერთხელ ჩვენ გავაჟღერებთ იმ პოზიციას, რაც თბილისში გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან და რაც არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება შემაშფოთებელია. შემაშფოთებელია ნამდვილად ქართველი ხალხის ინტერესების და არჩევანის უგულებელყოფა, მაშინ როდესაც ასე ხშირად ხდება სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებით სპეკულირება. ახლაც გვესმის ბრიუსელიდან ასეთი სპეკულაციები. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვისაუბროთ სწორედ იმ საკითხებზე, რამაც სამართლიანად გამოიწვია ქართული პოლიტიკური საზოგადოების აღშფოთება“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
22 აპრილს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, განაცხადა, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას.
„საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება… ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.“, — განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინკის განცხადებას მოჰყვა „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის მანიპულაცია, თითქოს ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით ემუქრება. კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დაიბარონ.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge