
სუს-მა შსს-ში გადასული თავისი ყოფილი თანამშრომელი დააკავა - Netgazeti
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
დაკავებულის ვინაობა უწყებას განცხადებაში არ დაუკონკრეტებია, თუმცა პროსამთავრობო „იმედის“ ცნობით, ის დაცვის პოლიციის მაღალჩინოსანი ვაკო ბიძიშვილია.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge