მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
მიტროპოლიტი ანტონი: არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ გარედან ჩარევას შევამჩნევთ - Netgazeti

მიტროპოლიტი ანტონი: არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ გარედან ჩარევას შევამჩნევთ - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

“არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას. და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ არ მივიღებთ არჩევნების პროცედურაში მონაწილეობას”, – ამ განცხადებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი აკეთებს.

“ამწუთს ვიწყებდი შემედგინა იმ პირთა სია (სრული მონაცემებით ), რომელნიც ვანისა და ბაღდათის ეპარქიიდან მონაწილეობას მიიღებენ გაფართოებულ კრებაზე, თან ტელევიზორიც ჩავრთე; იმ წამსვე იქ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომელნიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ „დიდი გულისტკივილით“ არიან ჩართულნი შემდგომი კათოლიკოს – პატრიარქის არჩევნების საკითხებში. სავსებით გასაგებია, რომ ახალი პატრიარქის არჩევნები ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ეს ასეა ყველგან და არა მარტო საქართველოში! სანამ ჩემეულად აგიხსნით, რა მოხდება 28 აპრილს, მანამ უწინარესად მინდა შემოგძახოთ: ყველას, ყველას , ყველას – ყველა მღვდელმთავარი მოგიწოდებთ, რომ დაწყნარდით, ნუ ტეხავთ ჭიქაში ქარიშხალს. არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას. და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ არ მივიღებთ არჩევნების პროცედურაში მონაწილეობას! ყველას უნდა გესმოდეთ, სად და რისი უფლება გაქვთ”, – წერს ანტონი.

ამის შემდეგ იგი მრევლს უხსნის პროცედურას, თუ როგორ და რამდენ ეტაპად ჩატარდება ახალი კათალიკოზის არჩევნები.

“მოდი, ჩემებურად აგიხსნით არჩევნების პროცედურას: დაახლოებით ისე, როგორც „ ინდაური მის ჭუკს ისე აუხსნის არწივის ნათქვამს, რომ ჭუკმა გაიგოს“… საპატრიარქო კანდიდატის შერჩევის პროცედურა იყოფა ორ ეტაპად.

საპატრიარქო არჩევნების პირველი ეტაპი გაიმართება 28 აპრილს წმ. სინოდის სხდომაზე; ამ კრებაზე შეირჩევა სამი საპატრიარქო კანდიდატი. ამ დღეს შევიკრიბებით 39 მღვდელმთავარი, რომელნიც ფარული კენჭისყრით გამოვირჩევთ, თუ ვის მივიჩნევთ, ჩვენი შეხედულებით, მომავალ საპატრიარქო კანდიდატად.

კრების დაწყებამდე კი ყველა მღვდელმთავარი, ქიროტონიის მიხედვით, მივალთ ხმების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარესთან, რომლისაგანაც მივიღებთ საპატრიარქო გერბით და საარჩევნო ბეჭდით დამოწმებულ ბიულეტენებს; – შემდგომ სათითაოდ შევალთ ხმის მისაცემ კაბინაში და სრულად დავწერთ ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატის სახელსა და ტიტულს, ეპარქიის მითითებით; ვისაც სურს, შეუძლია ხმა მისცეს საკუთარ თავსაც! – დავკეცავთ ამ ბიულეტენს, ჩავდებთ სპეციალურ კონვერტში და მოვათავსებთ გამჭვირვალე ყუთში, რის შემდეგ დავიკავებთ სახელობითად ჩვენთვის განკუთვნილ ადგილებს.

ხმების მიცემის დასრულების შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისიის წევრი ეპისკოპოსები კრების წინაშე გახსნიან საარჩევნო ყუთს და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა; ხმათა იმ რაოდენობის მიხედვით, რომელნიც დაიკავებენ პირველ, მეორე და მესამე ადგილებს, შეირჩევა სამი საპატრიარქო კანდიდატი.

კომისიის თავმჯდომარე ყუთიდან სათითაოდ ამოიღებს ბიულეტენებს და გადასცემს კომისიის წევრ ქიროტონიით უპირატეს მღვდელმთავარს; ის კი ხმამაღლა განაცხადებს ბიულეტენში მითითებული კანდიდატის ვინაობას და საჯაროდ აჩვენებს ეპისკოპოსებს ბიულეტენში ჩაწერილი კანდიდატის ვინაობას;

გამოცხადებულ ბიულეტენს ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი გადასცემს ხმების დამთვლელი კომისიის მესამე წევრ ეპისკოპოსს, რომელიც საჯაროდ დასახელებული ყოველი კანდიდატის სახელს ასახავს ოქმის ფურცელში და შეადგენს კენჭისყრის ოქმს.

ხმების დათვლის პროცედურის დასრულებისთანავე კომისიის წევრების მიერ მოხდება დათვლილი ბიულეტენების დაწვა ყველას თვალწინ, სპეციალურ ჭურჭელში – იმ შემთხვევაში, თუ ორი კანდიდატი მიიღებს თანაბარ ხმებს, მათ შორის გაიმართება მეორე ტური.

ასე დამთავრდება პირველი ეტაპი, რომლის შედეგად მოხდება სამი კანდიდატის გამორჩევა.

ახლა განსაჯეთ, რომელ გარე ძალას და როგორ შეუძლია აქ ზემოქმედება?! გამორიცხულია! ანუ 28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი!

ეს სამი კანდიდატი გადის უკვე გაფართოებულ კრებაზე, სადაც გაიმართება არჩევნების მე-2 ტური და და აქაც არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები, რადგან მხოლოდ მათ აქვთ საარჩევნო ხმის უფლება”, – წერს მღვდელმთავარი.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია