დაკავებული მაღაროელი გიორგი ნეფარიძე ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურგში გეგმავს
გიორგი ნეფარიძე, რომელსაც შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედება ბრალად, საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს და ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურგში გეგმავს, – ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ავრცელებს.
„ჯერ მოკლედ დავწერ, დეტალებს კიდევ ვარკვევთ, მაგრამ გიორგი ნეფარიძემ დარეკა ციხიდან და ამბობს, რომ პროკურატურა კვლავ ცდილობს, საპროცესო გარიგებაზე დაითანხმოს და სანაცვლოდ უპირობო გათავისუფლებას ჰპირდება. ამაზე მან კვლავ უარი თქვა. 6,5 წელი აქვს მისჯილი. ელოდება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ საქმე სტრასბურგში წაიღოს. როგორც მითხრა, გუშინ მის ოჯახთან პოლიცია მივიდა. ქალბატონ ლიას ვესაუბრე და ეს ამბავი დამიდასტურა. როცა პოლიცია გამოჩნდა, ინერვიულა, იფიქრა, რომ გიორგის რამე დაემართა და შეუძლოდ გახდა. პოლიციამ მათ უთხრა, რომ ის და მისი მეუღლე პროკურორს უნდა შეხვედროდნენ და შესახვედრად თავად წაიყვანდნენ, რაზეც მათგანაც უარი მიიღეს. ეს არ არის პირველი მცდელობა, როცა პროკურატურა ცდილობს, გიორგი საპროცესო შეთანხმებაზე დაითანხმოს“, – წერს ნიკურაძე.
ცნობისთვის, ოთხი მაღაროელი ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა 2026 წლის იანვარში ცნო დამნაშავედ. საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს.
გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – 4 წელი და 3 თვე.
