ბრალდებული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას, ჯამში 800 000 ლარამდე - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას – ჯამში 800 000 ლარამდე, რომელიც პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
"სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
