ჩვენ მოვახდინეთ ეფექტური პრევენცია, საზღვარზე აღიკვეთა პროვოკაციული ბანერების შემოტანა, მათი გამოყენება რომ მომხდარიყო მატჩის დროს, პროცესები შეიძლება, უმართავი გამხდარიყო - სულხან თამაზაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ადასტურებს, რომ თურქ კოლეგასთან ნამდვილად ჰქონდა სატელეფონო საუბარი და აცხადებს, რომ ასეთი ჩანაწერი რომ ჰქონოდა, სრულად გამოაქვეყნებდა.
„ჩემდა გასაკვირად, მეც მოვუსმენე ამ ჩანაწერს, ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერია ჩვენი საუბარი, თუმცა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი დღეს. აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როდესაც ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე დღის პირველ ნაწილში გვქონდა ინფორმაცია. ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო შეურაცხმყოფელი. ამაზე ჰქონდათ ძალიან ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ საზღვარზე მოახდინა ეეფქტური პრევენცია.
„ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია საზღვარზე, საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით ასამდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის, ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული. ამის შესახებ მალევე, ჯერ კიდევ მატჩამდე, საპოლიციო ატაშიების მეშვეობით მოხდა ინფორმაციის გაცვლა და კოლეგებმა მადლობაც გადაგვიხადეს. მოგვიანებით სწორედ ეს ინფორმაცია გავუზიარე ჩემს კოლეგას. ავუხსენი, მათ შორის, ის, რომ ამ შინაარსის ბანერების გამოყენება, რომ მომხდარიყო მატჩის დროს, სტადიონზე, რეალურად პროცესები შეიძლება, მართლაც უმართავი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობს, რომლებმაც ძალიან ეფექტურად იმუშავეს. დაახლოებით 14-15 საათზე გავრცელდა ეს ბანერები ღია წყაროებში და საღამოს უკვე აღკვეთილი იყო. არცერთი ბანერის გამოყენება სტადიონზე, სპორტული ღონისძიების დროს არ მომხდარა, რაც არის საამაყო და ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩემს კოლეგასთან ამით დავიწყე საუბარი, რაზეც მადლობა გადაგვიხადა. შემდეგ ჰქონდათ კითხვა, მაგალითად, დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით იკითხა, რატომ გახდა ამის აუცილებლობა და ვუპასუხე, რომ ეს არ იყო ჩვენი მხრიდან. კადრებშიც ჩანს, იქ სახელმწიფოს წარმომადგენელი არ მიდის, ეს კანონი არის მოწესრიგებული უეფა-ს მიერ, ისეთი შინაარსის ბანერები, მათ შორის დროშები, რომელმაც შესაძლოა, სპორტული ღონისძიების დროს გამოიწვიოს მღელვარება და დაძაბულობა აკრძალულია. უეფა-ს დელეგატის სტადიონზე იმყოფებოდა, ყველა მატჩის წინ ტარდება მატჩისწინა თათბირი, ამ თათბირზე განიხილება მსგავსი ტიპის საკითხები, მათ შორის, განხილული იყო ეს საკითხი და უეფა-ს წარმომადგენლების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ გარდა თურქეთის სახელმწიფო დროშა, ისრაელის სახელმწიფო დროშისა და საქართველოს სახელმწიფო დროშისა, რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო თამაში, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკები არ უნდა გამოყენებულიყო. ეს პირობა დაირღვა და უეფა-ს დელეგატმა მიუთითა, რომ შეთანხმებისამებს ეს უნდა აიღოთ, ის თანამშრომელი, რომელიც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებისკენ, ის იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია, რომელსაც ევალებოდა ეს ქმედება“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
