დედის ცხედარს საყინულეში თითქმის სამი წელი მალავდა - ფაქტზე 60 წლის კაცი დააკავეს
დიდ ბრიტანეთში 60 წლის მამაკაცს პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დედის გარდაცვალება თითქმის სამი წლის განმავლობაში დამალა. ამ პერიოდში ის ქალის სახელმწიფო პენსიასა და სხვადასხვა სოციალური დახმარების თანხას კვლავ იღებდა.
საქმე სამხრეთ უელსის ქალაქ პორთქოულში მოხდა. 89 წლის სილვია ფილიპსი 2023 წლის მარტში გარდაიცვალა, თუმცა მისი გარდაცვალების შესახებ ოფიციალური უწყებები ინფორმირებული არ იყვნენ. ქალის ცხედარი 2026 წელს აღმოაჩინეს.
როგორ აღმოაჩინეს ცხედარი?
ქალის ექიმს ეჭვები გაუჩნდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებთან საუბრისას გარდაცვლილი ქალის შვილი აცხადებდა, რომ დედა ლონდონში, ნათესავებთან იმყოფებოდა, თუმცა სახლის შემოწმებისას პოლიციამ საყინულეში ქალის ცხედარი აღმოაჩინა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის დამალვის პარალელურად, მამაკაცი დედის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს იღებდა. თანხა მოიცავდა სახელმწიფო პენსიას, სხვადასხვა სოციალურ დახმარებასა და საცხოვრებელთან დაკავშირებულ დახმარებას. ჯამში, მის ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ 104 000 აშშ დოლარზე მეტი ჩაერიცხა.
რა თქვა სასამართლოზე?
60 წლის კრისტოფერ ფილიპსმა დანაშაული აღიარა. სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ის დედასთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობაში იყო და წლების განმავლობაში მის ძირითად მზრუნველად ითვლებოდა.
დაცვის მხარის განცხადებით, მამაკაცს დედის გარდაცვალების მიღება უჭირდა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ფონზე ვერ შეძლო დანაკარგთან გამკლავება. ექსპერტის შეფასებით, მას ხანგრძლივი გლოვის აშლილობა ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ხანგრძლივობა, გარდაცვალების დამალვა და ფინანსური სარგებლის მიღება. კრისტოფერ ფილიპსს 2 წლისა და 4 თვის პატიმრობა მიესაჯა.
