მიმართულება, სადაც მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ვერ გადაადგილდებით - გაფრთხილება მძღოლებს
ონი–საკაოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ქვის ლოდების ინტენსიური ცვენის გამო, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეწყრის შედეგად, სავარაუდოდ, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ბოძი, რის გამოც შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.
„სტიქიის ზონაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. მათ ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს და ალტერნატიული შემოვლითი გზის შესაძლო მარშრუტი დაათვალიერეს.
გეოლოგების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემდეგ, დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.
გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილთან სატრანსპორტო კავშირი შეზღუდული აქვს ოთხ სოფელს: საკაოს, მაჟიეთს, ბორცოსა და ხიდეშლებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კავშირზე არიან მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას უზრუნველყოფენ“, – აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
