„ეს ნამდვილ კურთხევას ჰგავს“ - უცნობი ადამიანის დახმარების შემდეგ მამაკაცმა ლატარიაში მილიონი დოლარი მოიგო
აშშ-ში, ილინოისის შტატის მცხოვრები საკუთარი სიკეთის წყალობით ერთი მილიონი დოლარით გამდიდრდა. ამის შესახებ ინფორმაცია Illinois Lottery-ის ვებსაიტზე ვრცელდება.
იღბლიანმა მოქალაქემ, რომელიც პენსიონერია და ანონიმურად დარჩენა ისურვა, მოყვა, რომ გამარჯვებამდე რამდენიმე დღით ადრე უცნობ ადამიანს რთულ სიტუაციაში დაეხმარა. მომხდარის მოწმემ მის საქციელს ყველაზე კეთილი უწოდა იმ საქციელებს შორის, რაც კი ოდესმე უნახავს. „გავიფიქრე: „იქნებ მეც შემემთხვას რამე კარგი, ეს ნამდვილ კურთხევას ჰგავს, მოდი ლატარიის ბილეთს ვიყიდი“, - გაიხსენა პენსიონერმა. რამდენიმე დღის შემდეგ მან რამდენიმე ლატარიის ბილეთი იყიდა. რიცხვები კი შემთხვევითი კომბინაციით შეარჩია. მამაკაცის თქმით, მოგებული თანხით მინივენს იყიდის და ლას-ვეგასს ეწვევა. „ეს იდეალური საჩუქარია პენსიაზე გასვლისთვის - ახლა საბოლოოდ შემიძლია მოვდუნდე“, - ამბობს მამაკაცი.
