მიხეილ სარჯველაძე: დევნილთა კომპენსაციის პროგრამის მიმართ ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა
მოლოდინს გადააჭარბა დევნილთა კომპენსაციის პროგრამის მიმართ ინტერესმა. ბევრად მეტი აღმოჩნდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც დროის გათვალისწინებით, ოპტიმალურია სახელმწიფოს შეთავაზება. საბოლოო ჯამში, კომპენსაციის მისაღებად, მიმართვა 15 000-ზე მეტმა ოჯახმა გააკეთა, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საცხოვრისის ნაცვლად, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი გაიცემა.
მინისტრის თქმით, ოჯახები თანხას გაკეთებული განაცხადების თანმიმდევრობის მიხედვით მიიღებენ, თუმცა, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს გადამოწმების პროცედურები. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული ადმინისტრაციული პროცესის შემდეგ, დაიწყება კომპენსაციების გაცემა.
„ვფიქრობ, დაახლოებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან უკვე მზად ვიქნებით კომპენსაციების გასაცემად. ჩვენ შევეცდებით, გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, მთლიანად ამოვწუროთ თანხა და დავაკმაყოფილოთ ოჯახები. რაც შეეხება მომდევნო წელს, პროგრამა გაგრძელდება - საბედნიეროდ, მომავალი წლის ბიუჯეტიც იძლევა შესაძლებლობას, შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაკეთებული განაცხადებიდან გამომდინარეობს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
