ონკოჰემატოლოგი ასახელებს საგანგაშო სიმპტომს, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ - „ანალიზში ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება“
ჰემატოლოგიური დაავადებები ზოგჯერ შეუმჩნევლად ვითარდება და მათი პირველი ნიშნები შესაძლოა ქრონიკული დაღლილობა, თავბრუსხვევა და შრომისუნარიანობის დაქვეითება იყოს.
ონკოჰემატოლოგი, მედიცინის დოქტორი ლალი კუპრაშვილი განმარტავს, რომ საყურადღებოა ასევე ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლდენა, კანზე წვრილი ჩაქცევებისა და ლაქების გაჩენა.
მისი თქმით, ჰემატოლოგიური დაავადებები მხოლოდ ანემიას არ მოიცავს. მათ შორისაა სისხლის შედედების დარღვევები, თრომბოციტოპენიები და სისხლის ავთვისებიანი დაავადებებიც.
ექიმი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ანემიის გამომწვევი მიზეზის დადგენის აუცილებლობას, რადგან ის შეიძლება რკინის, B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავის დეფიციტით, ასევე ქრონიკული და სხვა დაავადებებით იყოს გამოწვეული.
სპეციალისტის რეკომენდაციით, სისხლის საერთო ანალიზში ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება. ანემიის მკურნალობა კი მისი გამომწვევი მიზეზის დადგენის გარეშე არასწორია.
