
თუ ვინმემ რუსული საქმე აკეთა საქართველოში, ეს არის სააკაშვილი და მისი დამქაშები - ირაკლი ჭეიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებსა და შეცვლილ მიდგომებზე მთავრობის მეთაურის შემდეგ ვრცელ წერილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აქვეყნებს.
ირაკლი კირცხალია წერს, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ანალიზი გამოაქვეყნა და ერთ კონკრეტულ მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან აფილირებული აგენტურული ძალებისთვის რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად 2008 წლის აგვისტოს ომი საკმარისი არ აღმოჩნდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ომის დასრულებიდან მალევე რუსეთთან კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების აღდგენაზე დაიწყო საუბარი.
კირცხალია იხსენებს კონკრეტულ ადამიანებსა და მაგალითებს, რომლებიც, მისი თქმით, 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობასა და იქაურ პროექტებში ჩართულობას არ ერიდებოდნენ, თუმცა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მათი რიტორიკა და ქმედებები განსაკუთრებით ანტირუსული გახდა.
უმრავლესობის ლიდერის წერილსა და ოპოზიციის წარმომადგენელთა ორმაგ სტანდარტებზე პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ისაუბრა.
"თუ ვინმემ რუსული საქმე აკეთა საქართველოში, ეს არის სააკაშვილი და მისი დამქაშები. ჩვენ გვახსოვს მათი ცხრაწლიანი პერიოდი - თუ როგორ ასხვისებდა [ისინი] რუსეთის ფედერაციაზე არაერთ სტრატეგიულ ობიექტს და თუ როგორ ხვდებოდნენ ტურისტებს.
რაც შეეხება ჩვენი უმრავლესობის ლიდერის განცხადებას, მან ყველაფერი ზუსტად, მკაფიოდ და დეტალურად აღწერა. არაერთი, ასე ვთქვათ, საზოგადო მოღვაწე თუ ანსამბლი - "სუხიშვილები" იყო, ნინო ქათამაძის კონცერტი იყო და სხვა მომღერლები თუ მოცეკვავეები - მოსკოვში ატარებდნენ კონცერტებს და შესაბამისად, თავს იწონებდნენ მოსკოვური ვოიაჟებით, ხომ?
და დღეს რა გამოდის? დღეს გამოდის ის, რომ რამდენიმე წელია, თურმე ანტირუსული პროპაგანდისა და ანტირუსული პოლიტიკის გამტარებლები არიან საქართველოში. ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი. მაშინ, როდესაც მათ ჰქონდათ ვოიაჟები მოსკოვში და თავს იწონებდნენ იქაური ტურნეებითა და კონცერტებით, ეს მათთვის მისაღები იყო, დღეს კი რატომღაც მიუღებელია.
მათგან განსხვავებით და ზოგადად "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, ჩვენ ვატარებთ ქართულ პოლიტიკას და არ ვატარებთ არც პროევროპულს, არც პრორუსულს და არც სხვა რაიმე დასავლურ პოლიტიკას", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge