
დამასკო რუსულ სამხედრო ბაზებზე სამოქალაქო ობიექტების მართვას იბრუნებს - სირია-რუსეთის შეთანხმება
18-თვიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, სირიამ და რუსეთმა ტარტუსისა და ჰმეიმიმის რუსული ბაზების მომავალთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმს მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სირიის სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს სამოქალაქო ობიექტების, მათ შორის, ჰმეიმიმის აეროპორტისა და ტარტუსის პორტის კომერციული ნავმისადგომის მართვას, რაც მათი ქვეყნის სამოქალაქო ადმინისტრაციაში ეტაპობრივად ინტეგრაციის შესაძლებლობას იძლევა.
რაც შეეხება სამხედრო ობიექტებს, უწყების განმარტებით, ისინი ერთობლივ საწვრთნელ და საკვალიფიკაციო ცენტრებად გადაკეთდება. ახალი შეთანხმება ორივე მხარის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს, გარდამავალი პროცესი კი სამ თვეში უნდა დასრულდეს.
ტარტუსის საზღვაო ობიექტი და ჰმეიმიმის საჰაერო ბაზა დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა მოსკოვის მთავარ სამხედრო საყრდენს ხმელთაშუა ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში. ამ ბაზების მომავალი სირიის ახალ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების მთავარი საგანი იყო მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბერში ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება დაემხო.
პარალელურად, სირიის პორტებისა და საბაჟოების გენერალურმა ორგანომ ცალკე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სირია დაიბრუნებს კონტროლს ტარტუსის პორტის იმ კომერციულ ობიექტებზე, რომლებსაც მანამდე რუსეთი მართავდა. მათ შორისაა მე-4 პირსი, ასევე მასთან დაკავშირებული საწყობები და სხვა ობიექტები.
BM.GE
წყარო: bm.ge