"რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი წარმოადგენდა", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის კომენტარს ეხებოდა.
მისი განმარტებით, ქვეყნის პრემიერის განცხადება ეფუძნება რეზოლუციას, რომელსაც ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება აწერდა ხელს.
"ირაკლი კობახიძემ ციტირება გააკეთა იმისა, რაც რეზოლუციაში წერია. არაფერი სხვა არ თქმულა. რეზოლუციაზე ხელია მოწერილი. ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, რაც მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა იკადრა და გააკეთა. რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი წარმოადგენდა. იმ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა და ქმედებებმა, რაც განხორციელდა, უმძიმესი შედეგები მოგვიტანა, რომელსაც, სამწუხაროდ, დღესაც ვიმკით და უდიდესი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, მომხდარი ფაქტები წარმოაჩინონ სხვანაირად, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტში სხვა რამ წერია.
"რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ არ არის აუცილებელი, ვინმეს განმარტება ან კომენტარი, თუნდაც, ამ შემთხვევაში, ჩემი. არსებობს კონკრეტული ვიდეოკადრები, ბძანებები, რომელთაც ხელს აწერდა მიხეილ სააკაშვილი. ამოიღეთ ეს ყველაფერი და ყველა კითხვაზე გაგცემთ შესაბამის პასუხს, რომელიც გაწუხებთ და გინდათ, რომ რაღაცნაირად შეცვალოთ ის, რაც იყო. არ გამოგივათ, რადგან ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებაც კარგად არის ინფორმირებული და ამის მტკიცებულებები არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო. დოკუმენტად შეგიძლიათ, გამოიყენოთ რეზოლუცია. ყველაფერი მოცემულია კონკრეტული ფაქტებით. თუ ეს ეს ყველაფერი ასე არ იყო და სხვანაირად იყო, მაშინ რატომ მოაწერეს იმ მოღალატეობრივ რეზოლუციას ხელი? ამ ადამიანების პოლიტიკის შედეგია ის, რაც 2008 წლის 8 აგვისტოს მოხდა. ეს არის სამწუხარო რეალობა და იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს საზოგადოებაში, აუცილებლად გაეცემა პასუხი. ყველა მოღალატემ და დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ასევე უპასუხა შეკითხვას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 2008 წელს საქართველოში შეჭრის გეგმა ჯერ კიდევ 2006 წელს იყო ხელმოწერილი.
"თუ ეს ყველაფერი იცოდნენ, რომ მზადდებოდა ავანტიურა, არ იმოქმედეს და არ გაატარეს შესაბამისი პოლიტიკა, ეს კიდევ უფრო ამძიმებს იმ რეალობას, რაზეც გესაუბრებით და რაც სამწუხაროდ, მოხდა. თქვენ რასაც მეუბნებით, თუ ეს მართალია, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? გამოდის, რომ წინა ხელისუფლებამ იცოდა ეს ყველაფერი და არ გადადგა შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები. ეს ხომ უცებ, ერთ-ორ დღეში არ მომხდარა? ეს ხომ პროცესი იყო? დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცოდნენ, რადგან არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ყველა მიმართულებით მუშაობდნენ. ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ ამ ყველაფერზე, მით უმეტეს, როცა ტელევიზიით ჟღერდებოდა. თუ იცოდნენ, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა, არსებობდა პრობლემა და არ გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია. ის, რომ ქვეყანას ომი ვერ აარიდეს, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც სააკაშვილის ავანტიურული ქმედებებით ხორციელდებოდა", - აღნიშნა კახა კალაძემ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge