
ვეტერანი გიორგი მათიაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, ვიღაცის მიერ არის შეკვეთილი, ვინაიდან საომარი მოქმედებების შემდეგ გასულია ძალიან დიდი დრო
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყებაში დღეს 6 პირია დაბარებული. მათ შორის, აფხაზეთის ომის უშუალო მონაწილეები.
საქმეზე უკვე გამოიკითხა ოცამდე პირი. პროკურატურამ გამოძიება ბარამიძის განცხადების გამო დაიწყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა.
ვეტერანი გიორგი მათიაშვილის თქმით, ბარამიძის განცხადება მოღალატეობრივია, რომელიც ვიღაცის მიერ არის შეკვეთილი, რადგან საომარი მოქმედებებიდან დიდი დროა გასული.
"ეს მოღალატეობრივი განცხადება, ვიღაცის მიერ არის შეკვეთილი ვინაიდან, საომარი მოქმედებების შემდეგ გასულია ძალიან დიდი დრო. იყო საკმარისი დრო და მით უმეტეს, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შეეძლოთ, რომ თუ ასეთი რამ მოხდა, ან გამოეძიებინათ, ან განეცხადებინათ.
საომარი მოქმედებების დროს მე ვიმყოფებოდი სოხუმში, სპეციალურად ომის დანაშაულების გამოძიების მიზნით, სხვათა შორის პროკურატურიდან. სოხუმის ბრძოლების დროს, ვიძიებდით სხვადასხვა სახის დანაშაულებს რუსეთის ჯარის და არმიის მიერ წარმოებული ოპერაციების დროს. ჩვენ ვმონაწილეობდით ამ საგამოძიებო მოქმედებებში.
რაც შეეხება იმას, რომ დაეხვრიტათ, მე ბევრი მებრძოლისგან გამიგია, რომ აქეთ მკურნალობდნენ აფხაზებს და სხვათა შორის, იმ ჩრდილოკავკასიელებსაც და მკურნალობის შემდეგ გადასცემდნენ ისევ იმ მხარეს, რომ დაბრუნებულიყვნენ სახლში. არა თუ დახვრეტა, ხელს ვუსვამდით თავზეო. სხვებს, რომ ვკითხე, იქ ვეტერანები არიან, სოხუმელი ექიმები, ბევრნი თბილისში არის, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ ვმკურნალობდით და გამოჯანმრთელებულებს გადავცემდით იქეთო, არა თუ დახვრეტა, რას ჰქვია დახვრეტა?! თავზარდამცემი რამ განაცხადა", - აღნიშნა გიორგი მათიაშვილმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge