
პროკურორი სუს-ის მიერ დაკავებული 6 პირის საქმეზე: მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და თითოეულ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
დიდი ოდენობით თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული 6 პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.როგორც საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ მედიასთან განმარტა, მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და თითოეულ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
"თურქეთის მოქალაქე დაჰპირდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომ დაეხმარებოდა ბინადრობის მოწმობის აღების საკითხში, რის სანაცვლოდ გამოართვა 14 500 ამერიკული დოლარი. ასევე, მოცემული საქმის ფარგლებში, მხილებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებულები იყვნენ უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეები. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შექმნაში. ამის სანაცვლოდ მოსთხოვეს დიდი ოდენობით თანხა და წინასწარ გამოართვეს 3 000 ამერიკული დოლარი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე იხილებოდა აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხი. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და თითოეულ ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა", - განაცხადა საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge