
თბილისში ნიკა ემუხვარის სახელობის საერთაშორისო ხელოვნების კონკურს-ფესტივალი "გვესმოდეს ერთმანეთის!" გაიმართა
თბილისში, კულტურის ცენტრში "მუზა", მხატვრის, ნიკა ემუხვარის სახელობის საერთაშორისო ხელოვნების კონკურს-ფესტივალი გაიმართა "გვესმოდეს ერთმანეთის!".
ფესტივალი წელს მესამედ ჩატარდა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მისი კონცეფცია სცდება ტრადიციული სახელოვნებო კონკურსის ფარგლებს და ხელოვნებას აერთიანებს განათლებასთან, მეცნიერებასთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ამგვარად, ფესტივალი ყალიბდება როგორც ახალი კულტურულ-ინტელექტუალური პლატფორმა, სადაც შემოქმედებითი გამოცდილება საზოგადოებრივ დიალოგს, კვლევასა და ახალი იდეების გაცვლას უკავშირდება.
„გვესმოდეს ერთმანეთის!“ ფესტივალის მთავარი იდეაა ხელოვნების საშუალებით ახალგაზრდების თვითგამოხატვისა და თვითრეალიზების ხელშეწყობა, ადამიანებს შორის დიალოგის, ურთიერთგაგებისა და კულტურული კავშირების გაძლიერება. ფესტივალი ხელოვნებას განიხილავს არა მხოლოდ როგორც შემოქმედებით პროცესს, არამედ როგორც განსხვავებული გამოცდილებების მოსმენის, ურთიერთშემეცნებისა და საზოგადოებრივი დიალოგის სივრცეს.
2026 წლის ფესტივალის კონცეპტუალურ ხაზში განსაკუთრებული ადგილი უკავია აფხაზეთის თემას, კულტურულ მეხსიერებასა და საზოგადოებრივი მემკვიდრეობის თანამედროვე გააზრებას. ეს მიმართულება ფესტივალის საერთო იდეას, ერთმანეთის მოსმენასა და გაგებას, კიდევ უფრო მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და კულტურულ შინაარსს სძენს.
ფესტივალს ჰყავს გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში. მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
ფესტივალის წლევანდელ განვითარებას წინ უძღოდა საერთაშორისო სამეცნიერო ინტერდისციპლინური კონფერენციის „მეცნიერებისა და ხელოვნების დიალოგის“ დაფუძნება, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართა და ფესტივალის კვირეული გახსნა. კონფერენციამ სხვადასხვა სფეროს მეცნიერები, მკვლევრები, ხელოვანები და ახალგაზრდა მონაწილეები გააერთიანა, რითაც ფესტივალის შემოქმედებითი იდეები კვლევისა და აკადემიური დისკუსიის სივრცეში გადაიტანა.
ამ ორი ინიციატივის ერთიანობა ეფუძნება იდეას, რომ შემოქმედება წარმოშობს ახალ კითხვებს, კვლევა ქმნის ახალ ცოდნას, ხოლო ცოდნა კვლავ უბრუნდება შემოქმედებით და საგანმანათლებლო პრაქტიკას.
ფესტივალისა და კონფერენციის საერთო კონცეფციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დიალოგს, ურთიერთგაგებასა და მშვიდობის იდეებს. ხელოვნება და მეცნიერება განიხილება როგორც სივრცეები, სადაც შესაძლებელია განსხვავებული გამოცდილებების მოსმენა, კულტურული მეხსიერების გააზრება და თანამშრომლობის ახალი ფორმების შექმნა.
ნიკა ემუხვარის სახელობის საერთაშორისო ხელოვნების კონკურს-ფესტივალს ორგანიზება გაუწიეს ორგანიზაციებმა,- „ქალები განათლებისა და დემოკრატიისათვის“ და „ამრა“.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge