
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა - როდის იმსჯელებს ევროკავშირი დეტალურად საქართველოს საკითხზე და რატომ არის თავად კავშირში საქართველოსთან დაკავშირებით ორად გაყოფილი აზრი
რას აპირებს ბრიუსელი, დადგა თუ არა დრო დაიწყოს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან? - "კურიერმა" ეს შეკითხვა დასვა მათთან, ვინც როგორც წესი, ქვეყნის ღია კრიტიკას თავს არ არიდებს, თუმცა კაია კალასმა დღეს კონკრეტულ კითხვებს პასუხისგან თავის არიდება არჩია. განსხვავებით მარტა კოსისგან. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა არ დამალა, რომ ხელისუფლების ნაცვლად არასამთავრობო სექტორთან დიალოგს ამჯობინებს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოზე მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემაჯამებელ განცხადებაში ისაუბრა.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებით ინტერესიც აქვთ და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილიც. შუა დერეფანი და შავი ზღვის კაბელი, ევროპის უსაფრთხოება და დაკავშირებადობა - დიპლომატები ევროპული სახელმწიფოებიდან ვერ უარყოფენ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკურად საკვანძო როლი აქვს და მნიშვნელოვანია ქვეყანა მათი დიალოგის მონაწილე იყოს.
ევროკავშირის სახელით დიალოგისთვის მზაობას კონკრეტული წევრი ქვეყნები გამოთქვამენ და არა თავად ევროკავშირის ხელმძღვანელები, რაც თბილისში დიალოგის დაწყების ერთ-ერთ მთავარ ბარიერად შეფასდა - უსამართლო დამოკიდებულებასთან ერთად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება მზადაა ჯანსაღი დისკუსიისთვის, თუმცა ურთიერთობის გადატვირთვისთვის აუცილებელი საპასუხო ნაბიჯები არ ჩანს. პირიქით, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევრობიუროკრატები ნებისმიერ შესაძლებლობას ქართველი ხალხზე თავდასხმისთვის იყენებენ, როგორც ეს დღეს მარტა კოსის განცხადებაშიც ისმოდა.
ვინ აფერხებს დიალოგს მაშინ, როდესაც ბრიუსელის ლიდერების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად აცდენილია წევრი ქვეყნების პოზიციებს? - ხელისუფლების ოპონენტები ტრადიციულად, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
მიკერძოებული მიდგომა, ორმაგი სტანდარტი, უსამართლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ მიზეზების გამო ხელისუფლება დღეს დიალოგის აუცილებლობაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საუბრობს, რომლებიც ევრობიუროკრატებისგან განსხვავებით მხარს თანამშრომლობას უჭერენ და არა დიალოგის ბოიკოტს.
ევროკავშირის გაფართოება, საომარი მოქმედებები უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები - კონფლიქტებისა და სამომავლო გეგმების პარალელურად ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის შიდა საქმეებში უცხოურ ჩარევაზეც მსჯელობდნენ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge