
თუ შევხედავთ უახლოესი წარსულის გამოცდილებას, ვნახავთ, რომ უკრაინაში 18 პარტია აიკრძალა, მოლდოვაში 2 პარტია აიკრძალა, თუმცა ერთი სიტყვა არ გვსმენია კრიტიკული ბრიუსელიდან - შალვა პაპუაშვილი
საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს, პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მსგავსი პრაქტიკა არაერთ ქვეყანაშია გამოყენებული და მან მოლდოვასა და უკრაინაში აკრძალული ოპოზიციური პარტიების შესახებ ისაუბრა.
"კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. საქართველო, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის კონსტიტუცია, აწყობილია პრინციპზე, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საშუალება დაიცვას საკუთარი თავი, დემოკრატიული ინსტრუმენტები დემოკრატიის მტრებმა არ უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ თავად დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ.
ეს მოქმედებს ყველა ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოში. თუ შევხედავთ ჩვენ უახლოესი წარსულის გამოცდილებას, ვნახავთ, რომ უკრაინაში 18 პარტია აიკრძალა. ერთი სიტყვა არ გვსმენია ამასთან დაკავშირებით ბრიუსელიდან. მოლდოვაში 2 პარტია აიკრძალა, ასევე ერთი სიტყვა არ გვსმენია ჩვენ ამასთან დაკავშირებით კრიტიკული. მეტიც, მოლდოვაში, წელს ივლისში აიკრძალა 4 პარტია, რომელიც იყო მემკვიდრე პარტია, ერთ-ერთი აკრძალული პარტიის და ისიც აიკრძალა.
შეგახსენებთ, რომ ეს ის ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამკვიდრა შარშან კანონში ცვლილებით, მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც მაშინაც ვამბობდით, რომ სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს ეს ნორმები და არამხოლოდ ნორმად მოქმედებს, არამედ პრაქტიკაშიც მოქმედებს მოლდოვაში, სადაც ახლა, სულ რამდენიმე თვის წინ, ივლისში აკრძალეს 4 პარტია, როგორც ერთ-ერთი მანამდე აკრძალული პარტიის მემკვიდრე პარტიაა. ასე რომ, ხომ ამბობენ, რომ საქართველოს უსწრებენო მოლდოვა და უკრაინა. ამ მხრივაც გვისწრებენ.
18 პარტია აკრძალული იქ, 6 მემკვიდრე პარტია აკრძალული მოლდოვაში. ასე, რომ ვცდილობთ რომ დემოკრატიული ინსტრუმენტების მხრივ დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას - ეს ისე იუმორით, თუმცა სერიოზულად არის საქმე, იმიტომ, რომ ჩვენ წლებია ვაკვირდებით, ჯერ ხელისუფლებაში იყო პარტია, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებდა და შემდეგ, ოპოზიციაში გააგრძელა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მისი ყველა დანაყოფებით კონსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობით ხელისუფლების დამხობის მცდელობა და რა თქმა უნდა, ახლა ამის ტოლერირება რაღაც მომენტში უკვე დაუშვებელია, ვინაიდან შეუძლებელია, ყოველ ჯერზე ვიყოთ მხოლოდ რეაქციის რეჟიმში სახელმწიფო, რომელიც ცდილობს, ანტიკონსტიტუციური პარტიების, ანტიკონსტიტუციური ქმედებები შეაჩეროს, საჭირო არის პრევენციაც.
ასე, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის ეს პროცესი. ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, როგორც იცით სხდომებია ჩანიშნული. ვნახოთ რა პერიოდი დასჭირდება საკითხის განხილვას. ჩვენი მხრიდან იქნებიან წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროცესს გაუძღვებიან, იქნებიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი. ასე, რომ იმედი გვაქვს საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge