
თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტოფ შპეტისთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელ კრისტოფ შპეტისთან შეხვედრა გამართა.
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით და მადლიერება გამოხატა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა აღნიშნეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ასევე, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობა.
სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესი და კოლეგას სამომავლო ხედვები გაუზიარა, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge