კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი თუშიშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ ვაჟა მაღრაძესთან ერთად, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში იმყოფებოდა. სასწავლებელში ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევები, ასევე, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები მინისტრს სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა ლელა ონიანმა გააცნო.
„ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი რეგიონში მუსიკალური განათლებისა და სახელოვნებო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. სასწავლებელში რამდენიმე სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, თუმცა ინფრასტრუქტურის მიმართულებით გამოწვევები არსებობს. სასწავლებლისთვის შეძენილია საჭირო ინსტრუმენტების გარკვეული ნაწილი. ჩვენი პრიორიტეტია უწყვეტი და მრავალსაფეხურიანი სახელოვნებო განათლების განვითარება, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული და შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ქალაქ თელავში ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი 1932 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებაში, ახალგაზრდა თაობების აღზრდასა და კახეთის კულტურული ცხოვრების განვითარებაში.სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, სასწავლებელში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი, საკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემები.
სასწავლებელი აქტიურადაა ჩართული რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში. მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში, სადაც მოპოვებული აქვთ საპრიზო ადგილები და სხვადასხვა პრემია.
სამუსიკო სასწავლებელში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge