
არჩილ გორდულაძე საკონტიტუციო სარჩელზე: არ გვაქვს უფლება 2004-2012 წლები დავივიწყოთ. ამ ადამიანებისთვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპები, უბრალოდ არ არსებობს | Rustavi2
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს განახლდება. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
მოსარჩელე მხარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია, რომელსაც სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს, კვლავ დროის გაჭიანურებას შეეცდება.
მმართველი პარტიის განცხადებით, ყველა ბრალდება დასაბუთებული და სამართლებრივად გამართულია.
"ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით გვქონდეს მსჯელობა და საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ "ნაციონალური მოძრაობის" და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები იქნება, თუ განხორციელებული ფაქტები.
მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს ე.წ. პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთი მხრიდან იმართებიან, ერთად გაერთიანებულები არიან, ერთ ორგანიზმად პოზიციონირებენ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ერთმანეთის მიმართ პიროვნული ანტიპათიები ახასიათებთ, როდესაც მათ მიმართ მოდის დავალება, ამ დავალების შესასრულებლად ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ, ერთსა და იმავეს აკეთებენ.
ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ 2004-2012 წლები დავივიწყოთ და არ შევაფასოთ სამართლებრივადაც. მთავარი არის, რომ ამ ადამიანებისათვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპები უბრალოდ არ არსებობს და ცდილობენ, რომ გარე მმართველობა დაამყარონ ამ ქვეყანაში. ამიტომ, ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლობიანი გუნდისა, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომაც შეაფასოს მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
"ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო. მხარეებმა უკვე გაიარეს მტკიცებულებების წარდგენის, შუამდგომლობებზე მსჯელობის და ახსნა-განმარტებების ეტაპები. ბრალდებები მძიმეა - საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მცდელობა, სისტემური დანაშაულები, საბოტაჟი და მოქმედება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge