
რევაზ ნადარაია გიორგი სიორიძეს: პატივი ეცით სახელმწიფო ინსტიტუტებს, პატივი ეცით სასამართლოს. თქვენ ხართ სასამართლოში და კანონი უნდა მოიხსენიოთ ისე, როგორც მას ჰქვია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ "ლელოს" წარმომადგენელს, გიორგი სიორიძეს სასამართლო პროცესზე კანონის არასათანადო სახელით მოხსენიების გამო შენიშვნა მისცა და მიუთითა, რომ კანონი შესაბამისი სახელწოდებით მოიხსენიოს, შეფასებების გაკეთებას კი სასამართლოს გარეთ შეძლებს.
მოსამართლის შენიშვნა მოსარჩელე მხარის პროტესტს მოჰყვა. ნადარაიამ განმარტა, რომ შენიშვნა მანამდე უნდა მიეცა, ვიდრე ამას მოსარჩელე გააპროტესტებდა.
"კანონები მოიხსენიეთ იმ სახელით, რა სახელითაც არის. გამჭვირვალობის კანონს თუ გულისხმობთ გამჭვირვალობა მოიხსენიეთ, სხვა კანონებს თუ გულისხმობთ სხვა კანონებად მოიხსენიეთ - კანონი მოიხსენიეთ ისე, როგორც არის. აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა და ვფიქრობ, რომ მე უნდა მიმეცა ამაზე შენიშვნა, სანამ მხარე ამაზე პროტესტს დააყენებდა.
მე არ ვიცნობ, მე არ ვიცი რა არის რუსული კანონი. მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგორც ჰქვია მას ოფიციალურ ენაზე. თქვენი შეფასებები გააკეთეთ გარეთ. პატივი ეცით სახელმწიფო ინსტიტუტებს, პატივი ეცით სასამართლოს. თქვენ ხართ სასამართლოში და კანონი უნდა მოიხსენიოთ ისე, როგორც მას ჰქვია", - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge