
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ენდი ბერნემს მოუწოდებს, ბრექსიტის საკითხს აღარ დაუბრუნდეს და არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს - მედია
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ენდი ბერნემს მოუწოდა, რომ ბრექსიტის საკითხს შეეშვას და წინ წავიდეს. BBC-სთან საუბრისას მან გაკვირვება და აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი შესაძლოა ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანების შესაძლებლობას განიხილავდეს.
ტერეზა მეიმ, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს სამი წლის განმავლობაში აწარმოებდა, განაცხადა: "ბრექსიტი დასრულებულია. უბრალოდ, მიიღეთ ეს ფაქტი და წინ იარეთ".
მეის მტკიცებით, ენდი ბერნემი ამომრჩევლებს ზემოდან უყურებს, როცა მათ დაახლოებით ასეთ რამეს ეუბნება: "გახსოვთ ის რეფერენდუმი? მაშინ შეცდომა დაუშვით, არა? ამიტომ კიდევ ერთხელ სცადეთ და ამჯერად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ".
ტერეზა მეიმ, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2016-2019 წლებში იკავებდა, ბერნემს მოუწოდა, ყურადღება დღევანდელ გამოწვევებზე გადაიტანოს და მათ მოგვარებას შეუდგეს, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დისკუსია ხელახლა წამოჭრას.
ბრიუსელში გამართულ სამიტზე, პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ სურს, "იდეების ერთობლივი განხილვის" გზით შეისწავლოს ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სამომავლო ურთიერთობების შესაძლო ვარიანტები.
ცნობისთვის, ბრექსიტი - გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლას ეწოდება. 2016 წლის 23 ივნისს, დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი გაიმართა, რომელშიც ამომრჩეველთა დაახლოებით 51.9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. 2020 წლის 31 იანვარს, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა და გარდამავალი პერიოდი დაიწყო. 2020 წლის 31 დეკემბერს კი, გარდამავალი პერიოდი დასრულდა და ევროკავშირთან ვაჭრობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმება ამოქმედდა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge