ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში პაატა სალია სომეხ კოლეგას შეხვდა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომეხ კოლეგას სრბუჰი გალიანს შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
პაატა სალიამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც უკვე მეშვიდედ ტარდება და უნიკალური შესაძლებლობაა არა მხოლოდ იუსტიციის სფეროში არსებული აქტუალური საკითხებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
"ჩვენს უწყებებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა ერთობლივი ინიციატივების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წლევანდელმა ფორუმმა წარმოაჩინა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო ინსტიტუციური და პროფესიული კავშირები, რაც ღონისძიებაზე წარმოდგენილ თემატურ სესიებზეც ნათლად გამოჩნდა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მკაფიო სამომავლო პერსპექტივები არსებობს, რომლებიც გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ეფუძნება და მომავალში კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ შედეგს მოიტანს", - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, გააფართოოს თანამშრომლობა სომხეთთან ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის, აგრეთვე, პენიტენციური რეფორმების მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, აგრეთვე, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე.
სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მორიგეობით მასპინძლობენ. მხარეები თემატური სესიების ფარგლებში მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, ციფრული ტრანსფორმაცია და მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება.
