"მისი განცხადება კოლონიალისტურად ჟღერს" - ასუ-ეკოტომ მბაპე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
კამერუნის ნაკრების ყოფილმა მცველმა ბენუა ასუ-ეკოტომ კილიან მბაპე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
მათ შორის პირველი დაპირისპირება 2018 წელს, სოციალურ ქსელში მოხდა. მიზეზი ფრანგი ფეხბურთელის განცხადება იყო, რომლის მიხედვითაც მას აფრიკაში სპორტის განვითარებაში წვლილის შეტანა სურდა. ყოფილმა კამერუნელმა მცველმა, რომელიც "მეცისა" და "ტოტენჰემის" ღირსებას იცავდა, მბაპე საფრანგეთის ნაკრებში თამაშის გამო გააკრიტიკა.
მბაპემ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ ისაუბრა აფრიკისადმი სიყვარულზე, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ასუ-ეკოტომ მბაპეს განცხადებები ამჯერად YouTube-შოუ Lockin-ში სტუმრობისას შეაფასა.
"ის სათანადოდ ვერ გამოხატავს სათქმელს. 2018 წელს ელისეის სასახლეში იმყოფებოდა და განაცხადა: აფრიკაში სპორტს განვავითარებო. ეს კოლონიალისტურად ჟღერს. ასეთი მიდგომა არასწორია და ამ საკითხის მიმართ გაცილებით მეტი გონიერებაა საჭირო.
თუ სხვა ნაკრებში თამაშობ და შემდეგ კამერუნში ჩადიხარ... როგორც ჟურნალისტმა სწორად აღნიშნა, აფრიკაში ოთხჯერ ყოფილხარ, თუმცა უშუალოდ კამერუნში მხოლოდ ერთხელ. ამის მიუხედავად, აცხადებ: დიახ, აფრიკაში სპორტს განვავითარებო.
სწორედ ეს არ მომეწონა. აფრიკა მხოლოდ პერიოდულად, აფრიკელი ხალხის ყურადღების მისაქცევად ახსენდება" - განაცხადა ასუ-ეკოტომ.
