რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ ექვს გუნდიანი გახდება
რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მის მიერ ორგანიზებულ კაცთა ჩემპიონატებში (ჩემპიონატი, ალაფა, კონფერენცი) 2027/2028 წლების სეზონიდან მასშტაბური ცვლილებები განხორციელდება.
ჩემპიონატში, სადაც ბორჯღალოსნები მისი დაარსების დღიდან, 2000 წლიდან თამაშობენ, ძველი ფორმატი აღდგება და მონაწილეთა რაოდენობა ექვსამდე შემცირდება. თითოეული მონაწილე წლის განმავლობაში ხუთივე მეტოქეს შეხვდება და ჩემპიონი ის ნაკრები გახდება, რომელიც ხუთი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე იქნება.
ასეთი სისტემა 2023 წლამდე მოქმედებდა, რის შემდეგაც რაგბი ევროპამ მონაწილეთა რაოდენობა რვამდე გაზარდა და გუნდები ორ ჯგუფში გადაანაწილა. დაინერგა ფლეი ოფის - ნახევარფინალისა და ფინალის სისტემა.
აღსანიშნავია, რომ 2027 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატში კვლავ რვა გუნდი ითამაშებს. საქართველო ა ჯგუფში რუმინეთთან, ბელგიასთან და პოლონეთთან ითამაშებს, ბ ჯგუფში კი პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია მოხვდნენ. ჯგუფების ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავა, იქ გამარჯვებულები კი 14 მარტს ფინალში, ბუქარესტში თასისთვის იბრძოლებენ.
2027 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მე-7 და მე-8 ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად დაქვეითდებიან ალაფაზე, ხოლო მეექვსეადგილოსანი, 2027 წლის ალაფას ჩემპიონთა ასვლა/დარჩენაზე ითამაშებს და უკეთესი 2028 წელს უძლიერეს ექვს გუნდს შორის იქნება.
რაგბი ევროპის განცხადებით, ეს ცვლილება შედეგზე ორიენტირებულ სატურნირო გარემოს შექმნის.
შეგახსენებთ, ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ - 17-ჯერ აქვთ მოგებული, ექვსჯერ მეორე ადგილს დასჯერდა, ერთხელ კი მესამე ადგილი დაიკავა. 5-ჯერ პირველ ადგილზე რუმინეთი, ორჯერ კი პორტუგალია გავიდა.
