ვაკეში მუნის შემთხვევები გამოვლინდა
დედაქალაქის ცენტრში, ვაკეში, მდებარე საჯარო სკოლაში მუნის შემთხვევები გამოვლინდა. 55-ე სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
„ორშაბათს დავასუფთავეთ სველი წესით - კონტრაქტორი გვყავს, რომელიც გვაწვდის ქლორს... გავიარეთ კონსულტაციები სპეციალისტებთან და გვითხრეს, რომ ასეთი სამუშაოები სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო... მათივე თქმით, არ არსებობს საფუძველი სასწავლო პროცესის შეჩერების“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 55-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მაია აბრამიშვილმა.
მისი ცნობით, მუნი დაუდასტურდა სამ ბავშვს: „სავარაუდო შემთხვევებს ვერ გეტყვით“.დირექტორი ამბობს, რომ ეს სამივე ბავშვი სხვადასხვა კლასში სწავლობს და მათ ერთმანეთთან კვეთა არ აქვთ.
რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, გამოვლინდა თუ არა სხვა სკოლებშიც მსგავსი შემთხვევები.
გადადება
მუნი ერთი ადამიანის მეორე ადამიანთან შეხებით (კანი) ვრცელდება. ასევე - დასნებოვნებული ადამიანის ტანსაცმლისა თუ სხვა ქსოვილების საშუალებით.
მუნის სიმპტომები
მუნის პირველი ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს ინფიცირებიდან 2-6 კვირის შემდეგ, რადგან იმუნურ სისტემას სჭირდება დრო ტკიპაზე რეაგირებისთვის.
ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ქავილი, რომელიც ძლიერდება სითბოში და ძილის დროს;კანზე წითელი წერტილები, ბუშტუკების ან პატარა კვანძების ფორმით;სკაბიესის “ბილიკები” კანზე - მცირე ხვეული ან სწორი ხაზები - ყველაზე ხშირად ჩანს თითებს შორის, მაჯებზე, იდაყვებთან, მუცელზე, წელის მიდამოში.
მუნის გამომწვევი ტკიპა თვალით უხილავია და ის მოძრაობს კანქვეშ.
დიაგნოსტირება და მკურნალობა
მკურნალობის დაწყებიდან 24 საათში, პაციენტი უკვე აღარ ითვლება გადამდებად. ამიტომ, სწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში, სკაბიესი კანის ერთ-ერთი ადვილად მართვადი დაავადებაა და რაც მთავარია, მცირდება მისი გავრცელების რისკი.
სხეულის ქავილსა და გამონაყარს ხშირად პაციენტები ალერგიას უკავშირებენ, აკითხავენ ალერგოლოგებს.
როდესაც ოჯახში თუნდაც ერთ ადამიანს უსვამენ მუნის დიაგნოზს, მკურნალობას იწყებს ოჯახის ყველა წევრი. ასეთია დერმატოლოგების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია.
