ორიგინალი
პროკურატურა არ უარყოფს, რომ მაღაროელ ნეფარიძის ოჯახში „ინფორმირების მიზნით“ პოლიცია მიაგზავნა
რადიო თავისუფლება·18:26

პროკურატურა არ უარყოფს, რომ მაღაროელ ნეფარიძის ოჯახში „ინფორმირების მიზნით“ პოლიცია მიაგზავნა

26 ნოემბერი, 2026 · 18:26

მსჯავრდადებული მაღაროელის, გიორგი ნეფარიძის ოჯახი სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს.

ოჯახისა და ადვოკატის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნეფარიძემ პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა, პოლიციელები მის მშობლებთან მივიდნენ და ქუთაისში, საქმის პროკურორთან შეხვედრა შესთავაზეს.

ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ გზით პროკურატურა მსჯავრდადებულზე ოჯახის წევრების მეშვეობით ცდილობს ზემოქმედებას.

„ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, როდესაც მოხუცებულ მშობლებთან ჩადიხარ, პოლიციის თანამშრომლები ეკიპაჟით და ეუბნები, რომ პროკურორს შენი შვილის საქმეზე შენთან შეხვედრა უნდა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ანდრიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ნოემბრის დასაწყისში ადვოკატებისთვის ცნობილი გახდა პროკურატურის ახალი შეთავაზების შესახებ. საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, ნეფარიძე დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ დამატებითი სასჯელისა და ჯარიმისგან გათავისუფლდებოდა და სასამართლო დარბაზიდანვე გაუშვებდნენ.

შეთანხმებაში მისი სხვა საქმეც უნდა გაერთიანებულიყო, რომელიც მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებას ეხება.

ანდრიაშვილის თქმით, ნეფარიძემ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ადვოკატი ამბობს, რომ ნოემბრის 10-15 რიცხვებში, მას შემდეგ, რაც თავადაც შეხვდა პატიმარს, პროკურატურას მისი გადაწყვეტილება აცნობა.

„გიორგის გადაწყვეტილებაა, ბოლომდე იბრძოლოს თავისი სიმართლისთვის და თუ აქ არ დადგება მის სასარგებლოდ გადაწყვეტილება, ევროსასამართლოში უჩივლოს სახელმწიფოს“, – ამბობს ანდრიაშვილი.

ადვოკატის მონათხრობით, პოლიციელები ნეფარიძის მშობლებთან ქუთაისში მივიდნენ და საქმის პროკურორთან შეხვედრა შესთავაზეს. პოლიციელებმა მშობლებს უთხრეს, რომ მათი ავტომობილით წაყვანაც შეეძლოთ, თუ გადაადგილებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ.

რას ჰყვება ნეფარიძის დედა

ნეფარიძის დედა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ სახლში ორი პოლიციელი მივიდა. მისი თქმით, თავდაპირველად შეეშინდა, რადგან იფიქრა, რომ შესაძლოა, მის შვილს საპატიმროში რამე შეემთხვა.

„არაო, ქალბატონო, კარგი ამბავი არისო, სათქვენოდ შემობრუნდა საქმეო, გიორგისკენო და დალაპარაკება გვინდა ერთი წუთიო, თქვენთან და თქვენს მეუღლესთანო“, – იხსენებს დედა პოლიციელების ნათქვამს.

ქალმა პოლიციელებს უთხრა, რომ პროკურორთან შეხვედრის მიზეზი მისთვის გაუგებარი იყო და შვილთან შეუთანხმებლად არსად წასვლას არ აპირებდა. მისი თქმით, შეხვედრაზე უარი ნეფარიძის მამამაც განაცხადა.

„ჩემი შვილი არასრულწლოვანი არაა, არსად არ წავალ და არც არავისთან დასალაპარაკებელი არა მაქვს“, – ამბობს ნეფარიძის დედა.

მისივე თქმით, პოლიციელების წასვლის შემდეგ ისე ინერვიულა მთელი ღამე ცუდად იყო. იმასაც აღნიშნავს, რომ პოლიციელებს მის მიმართ პირდაპირი მუქარა ან ძალადობა არ გამოუყენებიათ.

რას ამბობს პროკურატურა

გიორგი ნეფარიძესა და მის სამ თანამშრომელს უფროსზე ძალადობის საქმეზე 20 იანვარს მიუსაჯეს პატიმრობა.

განაჩენი ასეთია:

მერაბ სარალიძე - 6 წელი და 3 თვე;გიორგი ნეფარიძე - 6 წელი და 3 თვე;თენგიზ გველესიანი - 4 წელი და 3 თვე;არჩილ ჭუმბურიძე - 4 წელი და 3 თვე.

სარალიძესა და ნეფარიძეს ედავებოდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – ამ „ორგანიზებულ ძალადობაში“ მონაწილეობას.

რადიო თავისუფლებას პროკურატურაში უთხრეს, რომ ოთხი მსჯავრდებულიდან ერთმა თავად გამოთქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი.

უწყების განმარტებით, დანარჩენი სამი მსჯავრდებულის პოზიციის გასარკვევად, მათი ოჯახის წევრების ინფორმირებისა და პროკურატურაში შეხვედრის ორგანიზების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმართეს.

„თანამშრომლებმა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოცხადება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გიორგი ნეფარიძის საქმეები

ოთხი მაღაროელი პოლიციამ 2025 წლის 29 აპრილს, ჭიათურაში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა. მაღაროელები დააკავეს იმ საპროტესტო აქციების პარალელურად, რომლებიც ჭიათურაში თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.

საპროტესტო ტალღა ჭიათურაში დაიწყო 2025 წლის თებერვლის ბოლოს.იგი მოჰყვა ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ (CMC) 2024 წლის შემოდგომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტში მაღაროების მუშაობის გაჩერებაზე.ამ პროტესტმა 2025 წლის მარტში დროებით თბილისში გადაინაცვლა.აღნიშნული საპროტესტო კერის მიღმა, ჭიათურაში იმ დროს წელიწადზე მეტი ხნის დაწყებული იყო სოფელ შუქრუთელების პროტესტი.

გარდა ამისა, ნეფარიძეს 2025 წლის ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით კიდევ ერთი განაჩენი გამოუტანეს. 7 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას ამ საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ნეფარიძე ორივე საქმეში ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატის ინფორმაციით, მთავარი საქმის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა, ამჟამად კი დაცვის მხარე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, საქმე მესამე ინსტანციამ წარმოებაში მიიღო, თუმცა სხდომა ჯერ არ გამართულა.

ანდრიაშვილი მიიჩნევს, რომ ნეფარიძის წინააღმდეგ ძალადობის საქმეში გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. მისი განმარტებით, სასამართლო პროცესზე მოწმეებმა ნეფარიძის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს და ერთ-ერთმა მათგანმა მის ნაცვლად სხვა ბრალდებულზე მიუთითა. დაცვის მხარე ასევე დავობს, რომ საქმეში არ დადასტურდა გზის გადაკეტვის ფაქტი.

ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს პატიმრობის პერიოდში შიმშილობაც ჰქონდათ გამოცხადებული. მათი დაკავების შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობა სხვა მაღაროელებმაც დაიწყეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. პროკურატურა არ უარყოფს, რომ მაღაროელ ნეფარიძის ოჯახში „ინფორმირების მიზნით“ პოლიცია მიაგზავნა

თემა: ოჯახის

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • BM.GE·18:09
    სოფელ ლაილაშში მეწყერმა 4 სახლი დაანგრია, ევაკუირებულია 17 ოჯახი – ვითარებაა სტიქიის ზონაში
  • ამბები.ge·17:25
    “სხვა გზა აღარ დაგვრჩა… გულით გთხოვთ, მოგვეშველეთ!“ - მოზარდს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება: ოჯახი მიმართვას ავრცელებს
  • ალია·12:36
    სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
  • კომერსანტი·11:02
    სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ოჯახის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·18:21

ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში ესაუბრნენ

ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში ესაუბრნენ
რადიო თავისუფლება·18:10

ევროპარლამენტმა მიიღო პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში პოლიტიკური პატიმრების" შესახებ რეზოლუცია

ევროპარლამენტმა მიიღო პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში პოლიტიკური პატიმრების" შესახებ რეზოლუცია
რადიო თავისუფლება·16:08

სოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა - დაზიანებულია 17 სახლი

სოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა - დაზიანებულია 17 სახლი
რადიო თავისუფლება·15:23

სუროგატი ქალის სიკვდილი - გარდაცვალების შესახებ ცნობილი თითქმის ორი კვირის შემდეგ ხდება

სუროგატი ქალის სიკვდილი - გარდაცვალების შესახებ ცნობილი თითქმის ორი კვირის შემდეგ ხდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.