"ქართული ოცნების" მხარდამჭერმი კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
მან გია ბარამიძის განცხადებას "ბოროტი ცილისწამება და ქვეყნის ღალატი" უწოდა.
"მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ომის დროს აფხაზეთში, არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. მაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები, რომლებსაც გადავცემ პროკურატურას"- ამბობს ხაინდრავა.
მისი თქმით, დოკუმენტებში ნათლად იქნება ნაჩვენები აფხაზი ტყვეების გადაცემა აფხაზური მხარისთვის, რომელსაც ესწრებოდნენ ანქვაბი და ავთანდილ იოსელიანი.
34 წელი გავიდა. გია ბარამიძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ვიცე-სპიკერი. ამ წლების განმავლობაში, ისეთი რამ თუ ხდებოდა, რატომ არ დაინტერესდა? დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ აფხაზ ხალხსა და ქართველებს შორის დაიწყო ურთიერთობა, ახალი თაობა წამოვიდა, ვისაც არ ახსოვს, რა ხდებოდა, დაიწყო მისვლა-მოსვლა, გაჩნდა შერიგების კონტურები და ზუსტად ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას. თქვენ ნახეთ, რა ხდება რუსულ და აფხაზურ საიტებზე, უკვე ჰააგაც გაიხსენეს სტრასბურგიც. აპირებენ ამ საკითხის თავიდან დაყენებას, რომელიც გადაწყვეტილი იყო ცალსახად, რადგან დამნაშავე ამაში რუსეთია. იყავი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი, რატომ არ დააყენე ეს საკითხი? ჩაგეტარებინა გამოძიება, მოგეკითხა, რა ხდებოდა, მაგრამ – არა. 14 აგვისტო აფხაზეთში ომის დაწყების თარიღია და დარწმუნებული ვარ, ამ დროისთვის იქნება რაღაც გამოგდებული“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
რას ედავებიან ბარამიძეს?
შეგახსენებთ, რომ ოპოზციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მიხლით დაიწყო.
საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.
ამასთან, გია ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ მას დააკავებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს აქვს ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა დაწყებული. ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებულ მის განცხადებას პროპაგანდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს. "თუ უნებლიედ გული ვატკინე ვინმეს, ბოდიშს ვუხდი"- დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge