ტვ პირველი|tvpirveli.ge
თბილისზე "უპრეცედენტო გარე ზეწოლამ" და "ულტიმატუმებმა", რომ მოსკოვთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
გალუზინი რუსეთს და საქართველოს "ერთმანეთის ბუნებრივ პარტნიორებად" მოიხსენიებს.
ხაზს ვუსვამ, რომ ისტორიული ბედისწერისა და გეოგრაფიის მჭიდრო გადაჯაჭვულობის გათვალისწინებით, რუსეთი და საქართველო ერთმანეთის ბუნებრივი პარტნიორები არიან. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა“, - განაცხადა გალუზინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე დასძინა, რომ რუსეთი საქართველოსთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არის.
„ჩვენ თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის მზად ვართ. ნათელია, რომ საქართველოს წარმატებული განვითარების საწინდარი ჩვენს ქვეყანასთან არა კონფრონტაციაში, არამედ თანამშრომლობაში მდგომარეობს. ჩვენ, ცნობილი პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ. ნამდვილად, ბოლო წლებში სავაჭრო თანამშრომლობისა და ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესია. საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა, ხოლო ჩვენი ბაზარი ქართული ექსპორტის ძირითადი საქონლისთვის მთავარია. ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან ჩვენს ამოცანად მივიჩნევთ ჰუმანიტარული და საქმიანი კავშირების გაფართოებისთვის პირობების შექმნას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის, რაც ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გალუზინმა.
მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის „ამჟამად, ორმხრივი კონტაქტები არ არსებობს“.
„რაც შეეხება ორმხრივ პოლიტიკურ კონტაქტებს, დღეს ეს არ არსებობს. მიზეზი ქართული მხრიდან მსგავსი დიალოგისთვის მზადყოფნის არქონაა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, რთულია შევაფასო, თუ როგორ ეხმარება ეს საქართველოს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ ეს მისი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა გალუზინმა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge