ავტოკატასტროფა სტავროპოლთან - დაღუპულთა რიცხვი ერთით გაიზარდა, 6 წლის ბიჭს კი ფეხების ამპუტაცია დასჭირდა | TV პირველი
სტავროპოლთან მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაღუპულთა რიცხვი ერთი ადამიანით გაიზარდა.
ავტოკატასტროფა სტავროპოლთან
როგორც აბილა აშაევი “პირველებს“ უყვება, 6 წლის ბავშვს კი ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
კაცი რომელიც დაშავებულების დასახმარებლად საავადმყოფოში მივიდა, ამბობს, რომ გამომძიებელს უკვე ესაუბრნენ და დაშავებული მგზავრების ბარგის და ნივთების მოსაძებნად 3 საათზე აპირებენ წასვლას.
ძაან ისეთი სიტუაციაა... ერთი კაცი გარდაიცვალა, 6 წლის პატარა ბავშვს კი ორივე ფეხი მოაჭრეს, ზოგს საბუთები და პასპორტები ავტობუსში აქვთ დარჩენილი, ახლა გამომძიებელსაც ველაპარაკე, 3 საათზე, დავეხმარებით, რომ ხალხის ბარგი და საბუთები მოვნახოთ, ზოგი უკან მიდის მოსკოვში, ზოგი კი საქართველოში ბრუნდება, - განაცხადა აბილა აშაენმა.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის სტავროპოლის მხარეში საქართველოდან მიმავალი ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. საგზაო პოლიციის ცნობით, ოთხი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი რეანიმაციაშია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, სოფელ ინოზემცევოსთან მოხდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსში, რომელიც ავარიაში მოყვა, საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. როგორც უწყებაში "პირველებს" უთხრეს, "რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი–მოსკოვის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით". ოფიციალური კომენტარში დაკონკრეტებული არ არის, საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფებოდა ავტობუსში. არაფერია ნათქვამი მათი მდგომარეობის შესახებაც.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge