
რა ხდებოდა სასამართლოში მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სხდომა სრულად დახურა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, ჯარის ძარცვის საქმეზე, ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
როგორც მისი უფლებადამცველები ამბობენ, მას შემდეგ, რაც სხდომა დაიხურა, მათ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ მოსამართლე მჭედლიშვილმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სხდომა სრულად დახურა, თუმცა, მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აცილება დადგა იმის გათვლისწინებით, რომ სხდომა დაიხურა, შესაბამისად, ჩვენ დავინახეთ მიუკერძოებლობის და ობიექტურად საქმის განხილვას რამდენად შეძლებდა ეს მოსამართლე და დადგა აცილების შუამდგომლობა, - განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილის კიდევ ერთმა უფლებადამცველმა თქვა, ღარიბაშვილმა ისაუბრა ზეწოლაზე, ასევე, როგორ შეუთვალეს, რომ ეღიარებინა დანაშული, თუმცა გვარები არ დაუსახელებია.
ლილი გელაშვილის თქმით, მან პროკურატურას ასევე ჰკითხა, დაწყებული იყო თუ არა გამოძიება იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც მან ისაუბრა, თუმცა პასუხად უარი მიიღო.
მან ილაპარაკა რა ხდებოდა, როგორი ზეწოლის ქვეშაა, როგორი შეთვლები ჰქონდათ მის მიმართ, რომ ეღიარებინა. გვარები არ დაუსახელებია, კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლემ არ მისცა ამის საშუალება, თუმცა, მოყვა ზეწოლაზე, რა ხდებოდა და როგორ. მან პროკურატურას დაუსვა კითხვა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებული იყო თუ არა გამოძიება, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge