სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა
ტვ პირველი|tvpirveli.ge
საქართველოს სახალხო დამცველი აპარატმა საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა - ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოკუმენტის მიზანია შესაბამისი სტანდარტების განხილვის გზით, გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება.
„24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათ აკრძალვა. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი სარჩელის განხილვა სიახლეს წარმოადგენს საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის, სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარედგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae). სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში შეჯამებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრაქტიკა გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფეროსა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის თაობაზე. ამგვარად, დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს შესაბამისი სტანდარტების განხილვის გზით, გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრება იხილეთ ბმულზე.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge