
28 ნოემბერი, 19:00 საათი - თბილისში მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან
28 ნოემბრის საპროტესტო აქციისთვის მზადება გრძელდება. ვარკეთილის მეტროსთან შეკრებილი აქტივისტები მოქალაქეებს საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ და აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
ორგანიზატორების განცხადებით, 28 ნოემბრის პროტესტი უკავშირდება ორი წლის წინ, 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგში დაყენებაზე 2028 წლამდე უარი განაცხადა.
შეკრება ორ ლოკაციაზეა დაანონსებული - თსუ-თან და ავლაბრის მეტროსთან, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ორწლიანი საპროტესტო გამოსვლების, აქციების დარბევებისა და მონაწილეთა დაკავებების შემდეგ, 28 ნოემბერს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბებიან და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას დააფიქსირებენ.
ჩვენი მიზანია, რომ ყოველდღე, 28 ნოემბრამდე მოსახლეობასთან მივიდეთ სხვადასხვა უბანში და ადამიანებს ვთხოვოთ, რომ შემოუერთდნენ ამ საპროტესტო აქციას. შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ ჩვენ ვეჯახებით რაღაც კედელს, როგორც ამბობდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ ერთხელ დაინახავს ქართველი ხალხის და თავისუფლების იმ კედელს, რომელიც თავად ეჯახება. აუცილებლად შევცვლით ამ რეჟიმს, ბრძოლა იქნება ბოლომდე!, - ამბობს აქტივისტი.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge