
"დედები ემიგრაციაში, შვილები ციხეში" - მათე დევიძის დედა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროკავშირის ელჩებს მიმართავს
ტვ პირველი|tvpirveli.ge
მათე დევიძის დედა, თამუნა მჭედლიშვილი შვილის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიმართავს - პროევროპულ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდის მშობელი, რომელიც ოჯახის სარჩენად ემიგრაციაშია წასული, ევროკავშირსგან ითხოვს, რომ გამოყონ პასუხისმგებელი წარმომადგენელი, მისი შვილის საქმისა და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის შესასწავლად.
"დედები ემიგრაციაში, შვილები ციხეში, ოჯახები დაშორებული და ქვეყნის მომავალი გაურკვეველი. გთხოვთ, მოისმინოთ დედის ხმა, რომელიც ორ წელზე მეტია, საკუთარი შვილის თავისუფლებას ითხოვს". - წერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში თამუნა მჭედლიშვილი.
მიმართვა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს! მოგმართავთ როგორც დედა, რომელიც იძულებული გახდა, საკუთარი სამშობლო დაეტოვებინა და ემიგრაციაში, პოლონეთში წასულიყო, რადგან საქართველოში ვერ შეძლო ღირსეული შრომითა და ადამიანური პირობებით ცხოვრება. საკუთარ ქვეყანას მოწყვეტილი, უცხო მიწაზე ვცხოვრობ, მაგრამ ვერც აქ ვპოულობ სიმშვიდეს, რადგან ჩემი შვილი, მათე დევიძე, პატიმრობაში იმყოფება. მათე 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, მაშინ, როდესაც ის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა და საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს, თავისუფლებასა და სამართლიანობას იცავდა. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება მუდმივ ტკივილად იქცა. იძულებული ვარ, უცხო ქვეყანაში, სამშობლოდან შორს, ვიცხოვრო და ყოველდღიურად იმაზე ვიფიქრო, რომ ჩემი შვილი ციხეშია, მე კი არ მაქვს შესაძლებლობა, ჩავეხუტო, გვერდით დავუდგე და მისთვის ყველაზე რთულ წუთებში დედის სითბო გავუზიარო. ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა: დედები ემიგრაციაში, შვილები ციხეში, ოჯახები დაშორებული და ქვეყნის მომავალი გაურკვეველი. ხელისუფლებამ ჯერ საკუთარი ქვეყნიდან წასვლა მაიძულა, ახლა კი ჩემი შვილის თავისუფლებაც წამართვა. დღეს თქვენ მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ბერკეტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მიმართებით და უმოკლეს ვადაში მიიღოთ ქმედითი ზომები მათე დევიძის დაუყოვნებლივი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის შესაბამისმა ინსტიტუტებმა: 1. გამოყონ პასუხისმგებელი წარმომადგენელი, მათე დევიძის საქმისა და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის შესასწავლად; 2. მისი საქმე პირდაპირ განიხილონ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შესაბამის ქართულ სახელმწიფო უწყებებთან; 3. საჯაროდ გამოხატონ პოზიცია მისი პატიმრობისა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნის გარემოებებთან დაკავშირებით; 4. განიხილონ ყველა შესაძლო დიპლომატიური და პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც მისი გათავისუფლების ხელშეწყობას შეძლებს რამდენი ოჯახი უნდა დაინგრეს კიდევ? რამდენი დედა უნდა დარჩეს შვილის გარეშე? რამდენი ადამიანი უნდა კარგავდეს თავისუფლებას იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის მომავალზე საკუთარი აზრი გამოხატა? მე უკვე დავკარგე სამშობლოში ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ახლა ჩემი შვილის თავისუფლებისთვის მიწევს ბრძოლა უცხო ქვეყნიდან, უცხო ცის ქვეშ. მათე დევიძე უდანაშაულოა. ის პოლიტიკური პატიმარია და მისი ადგილი ციხეში არ არის! გთხოვთ, მოისმინოთ დედის ხმა, რომელიც ორ წელზე მეტია, საკუთარი შვილის თავისუფლებას ითხოვს. ნუ დაუშვებთ, რომ კიდევ უფრო მეტი დრო დაიკარგოს. ვითხოვ საერთაშორისო საზოგადოების რეალურ ჩართულობას და ჩემი შვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. თავისუფლება მათე დევიძეს!", - წერს მათე დევიძის დედა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge