
ხოშტარია: ვიმყოფებით რუსეთისა და ივანიშვილის გათავხედების ეტაპზე, რომელშიც დაუშვეს და კიდევ დაუშვებენ არაერთ შეცდომას - უნდა მოვემზადოთ საპასუხო ეტაპისთვის
ტვ პირველი|tvpirveli.ge
"ვიმყოფებით რუსეთისა და ივანიშვილის გათავხედების ეტაპზე, რომელშიც დაუშვეს და კიდევ დაუშვებენ არაერთ შეცდომას - უნდა მოვემზადოთ საპასუხო ეტაპისთვის, რომლისთვისაც აუცილებელია წინააღმდეგობის ჩვენება" - ამის შესახებ ციხიდან გამოგზავნილ წერილში "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს.
პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი საუბრობს მინსკში რუსეთსა და საქართველოს შორის გამართულ დიალოგზე, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლების ჩასვლაზე მოსკოვში და აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელია რუსეთთან მკვეთრად გამოხატული დაახლოების.
თავად ოპოზიციის აკრძალვაც ემსახურება რუსეთისთვის გაკეთებულ, მირთმეულ ძღვენს - წერს წეილში ელენე ხოშტარიად ა ასახელებს წინააღმდეგობის გზა, რითაც შეიძლება ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება დაუპირისპირდეს.
მინდა, გაგიზიაროთ ბრძოლის რა ეტაპზე ვართ, რა გამოწვევები გვაქვს, რა საფრთხეები გველის და რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ალბათ შეამჩნევდით, რომ „რუსული ოცნების“ მოქმედებები ძალიან მკაფიო სინქრონულ კავშირშია პუტინის საერთაშორისო მოქმედებებთან. პუტინის გაყუჩება ემთხვევა ქართული ოცნების გაყუჩებას და პირიქით. ეს არც არის გასაკვირი. აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - პუტინმა სხვადასხვა გეოპოლიტიკური მიზეზების გამო ჩათვალა, რომ ეს შემოდგომა და მომდევნო წლის დასაწყისი არის მისი დესტრუქციული, აგრესიული მოქმედებებისთვის შესაძლებლობა, რომელიც მოსასწრები აქვს, რადგან ეს ფანჯარა მერე ჩაეკეტება. შესაბამისად, პუტინი და „ქართული ოცნება" დაჩქარებული ტემპით, მათი აზრით, აი, ამ შესაძლებლობის ფანჯარაში ძალიან გააქტიურდნენ და ჩქარობენ. ჩვენთან ეს მოქმედება გამოიხატა საგრძნობლად დაჩქარებული მოქმედებების ციკლით. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც დაჩქარების ტემპი უბრალოდ კომიკურად აქცევს მოსამართლეებს. ეს არის ზუსტად ბრიუსელის სამიტის პარალელურად, ხაზგასმით, იქ არწასვლა და მოსკოვთან კონტაქტების გაღრმავება და იქვე ძალიან სწრაფად მოსკოვის ვასალ ბელარუსში მოლაპარაკებების გახსნა და, ბუნებრივია, რომ ყველას გვესმის, რომ საგარეო საქმეთა უწყებებს შორის მაღალ დონეზე მინსკში მოლაპარაკება, ეს არის რუსეთთან ინტეგრაციული პროცესი. ამის პარალელურად, ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში, ანექსიის პროცესები და საერთო სურათში დასავლეთთან მკვეთრად გამოხატული დესტრუქცია და რუსეთთან მკვეთრად გამოხატული დაახლოება. ზუსტად ამ კონტექსტში არის, რა თქმა უნდა, ეს საკონსტიტუციო სარჩელიც. გარდა იმისა, რომ პირდაპირ რუსული სახელმწიფოსთვის დაწერილი ტექსტები წერია, თავად ოპოზიციის აკრძალვაც ემსახურება რუსეთისთვის გაკეთებულ, მირთმეულ ძღვენს, რომელსაც ეუბნებიან, რომ არა მხოლოდ გავაყალბებთ და ძალაუფლებაში არ მოვუშვებთ, არამედ საქართველოში საერთოდ არ იარსებებს პროდასავლური ოპოზიცია - ამას ემსახურება ეს სარჩელიც.გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინიც უკრაინასთან მიმართებაში და ბიძინაც დასავლეთთან და პუტინთან მიმართებაში, ცდილობენ ახალი სტატუს კვოს ჩამოყალიბებას, რაც, მათი აზრით, სიტუაციის შემდგომ გამყარებაში ბევრად უფრო ძლიერი პოზიციიდან წარმოაჩენს მათ. ეს არის მათი სტრატეგია. ახლა რეალობაში რა ხდება - რეალობაში არანაირი სერიოზული შესაძლებლობის ფანჯარა რუსეთს არ აქვს. პირიქით, ის სიჩქარე, რომლითაც პუტინი და ივანიშვილი მოქმედებენ, მათ აშკარად აშვებინებს შეცდომებს და ამ შეცდომების გამოყენების შანსი გვეძლევა ჩვენ. ეს შეცდომები კიდევ უფრო ამწიფებს ევროპისა და ამერიკის ძალისხმევის გაერთიანების პერსპექტივას, აძლიერებს ევროპას და აახლოებს დასავლეთის მხრიდან შემდგომი, რუსეთისთვის ბევრად უფრო მტკივნეული ნაბიჯების გადადგმას. ამას ძალიან მალე ვნახავთ. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვკონცენტრირდეთ, კარგად გავიაზროთ, რა ეტაპზე ვართ, არც სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ და არც გამოგვრჩეს ეს მოვლენები და, რაც მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. უფრო კონკრეტულად, რა არის ჩვენი გასაკეთებელი?! პირველი, რაც უნდა ვთქვა, რომ ჩვენი შედეგი ზუსტად, თითქმის არითმეტიკულად პროპორციული იქნება ჩვენი ძალისხმევისა. აი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ, შედეგიც იმის პროპორციული იქნება. მეტი ადამიანი ვიქნებით წინააღმდეგობაში, მეტი იქნება შედეგი. ნაკლები ადამიანი ვიქნებით წინააღმდეგობაში, ნაკლები იქნება შედეგიც, თუმცა შედეგი აუცილებლად იქნება. რაში მდგომარეობს დღევანდელი წინააღმდეგობა: 1. ოპოზიციური პარტიების ალტერნატივის ჩვენება - საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესმა ოპოზიციის სწორი მოქმედებების გამო შედეგად მოიტანა ოპოზიციის იმ ალტერნატივის გამოკვეთა, რომელზეც ძალიან დიდი ხანი ვნატრობდით, გვინდოდა, გვჭირდებოდა. ეს ალტერნატივა ნათელია ქართული საზოგადოებისთვისაც და დასავლეთისთვისაც. აქ ძალიან კარგად გამოჩნდა იდეის გარშემო ერთობაც, მრავალფეროვნებაც პარტიებს შორის და, რაც მთავარია, ძლიერი კომპეტენცია და ერთგულება საქართველოს ინტერესების მიმართ. ეს არის ის შედეგი, რომელიც უკვე დამდგარია საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან და რომელიც ჩვენი ბრძოლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. 2. ჩვენი წინააღმდეგობა ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მოითხოვს ხალხმრავლობას. ხალხმრავლობა არის არა გულის მოფხანისთვის, არამედ სტრატეგიული ამოცანისთვის, რომ რუსეთისა და ივანიშვილის გააქტიურების ფონზე, ყველამ დაინახოს, რომ ივანიშვილმა მიზანს ვერ მიაღწია და ვერც ქართული ოპოზიცია და ვერც ქართული საზოგადოება პუტინს ვერ მიართვა. ეს არის გადამწყვეტი. რაც არ უნდა წარმატებული იყოს ივანიშვილი ტექნიკურად საკუთარ ნაბიჯებში, სანამ არსებობს პროტესტში მყოფი ქართული საზოგადოება და ქართული პროდასავლური ოპოზიცია, მისი მიზნები არ არის შესრულებული. აქედან გამომდინარე, ხალხმრავლობა დღეს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს და ამ ხალხმრავლობის ჩვენების საშუალება ჩვენ გვექნება 28 ნოემბერს აქციაზე. გარდა ამისა, წინააღმდეგობის უწყვეტობა და ამ მხრივ შაბათის აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, შაბათის აქცია არ გამორიცხავს, რომ ჩვენ ამ უწყვეტობას კიდევ გარკვეული ელემენტები დავამატოთ, იქნება ეს რეგიონებსა თუ თბილისში. ამაზე კონსულტაციები მეც მაქვს ჩემს კოლეგებთან, რომ შაბათის მარშს დაემატოს სხვა, გარკვეული პროტესტის ელემენტები. 3. მედიის მხარდაჭერა - დღეს მედიის მხარდაჭერა არის არა უბრალოდ ჩვენგან ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ჟურნალისტების მხარდაჭერა, რასაც თავისთავად იმსახურებენ, არამედ სტრატეგიული ამოცანა - სანამ არსებობს ობიექტური მედია, ჩვენი მოქმედებების ძალა არის განუზომლად დიდი. ასევე, სისტემის მხილების ხარისხი არის განუზომლად უფრო დიდი. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, არ უნდა შევწყვიტოთ მედიების, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერა. 4. რა თქმა უნდა, ყველა ინდივიდუალური პროტესტი თუ დაუმორჩილებლობა, როგორიც იყო ვახო სანაიას, თორნიკე რაზმაძის პროტესტი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს საერთო ძალისხმევას დიდ ძალას მატებს. ამიტომ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, და ეს ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ის გააძლიერებს ჩვენს ბრძოლას. და ბოლოს, ახლა ჩვენ ვიმყოფებით რუსეთისა და ივანიშვილის გათავხედების ეტაპზე, რომელშიც დაუშვეს და კიდევ დაუშვებენ არაერთ შეცდომას. უნდა მოვემზადოთ საპასუხო ეტაპისთვის, რომლისთვისაც აუცილებელია ჩვენი წინააღმდეგობის ჩვენება. ბოლომდე!", - წერს ელენე ხოშტარია.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge