"ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული" - ზარქუა
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტებზე საუბრისას ზარქუამ აქცენტი ევროპის "ეკონომიკურ პრობლემებზე" გადაიტანა, ევროკავშირის ავტორიტეტის დაკნინებაზე ისაუბრა და ევროპელ ლიდერებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართა.
"ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული მსოფლიოს მხრიდან. [...] უმუშევრობა იზრდება, ინფლაცია მაღალია, დახურეს მთელი ქარხნები, ცნობილი ისინი და ა.შ. არგუმენტი არ აქვთ [ივანიშვილის საქნცირებისთვის] [...] ჩვენთვის ეს არის ძალიან ცუდი ბუნებრივია, როდესაც ევროკავშირის ავტორიტეტი ასე არის დაკნინებული. ვწუხვართ ამისთვის. სამარცხვინო მდგომარეობაშია, რატომ იცი? - რაისა კომუნისტკას და თავქარიანი კალასის ამარა დარჩა ამხელა ინსტიტუცია და ამიტომაც არის, რომ სამარცხვინო როლშია მსოფლიოში, - ამბობს ზარქუა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტები პაატა ბურჭულაძის საქმეს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება. პროექტებში მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილის, ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ ფინანსური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესება. ევროპარლამენტში დებატები დღეს, 25 ნოემბერს გაიმართება, კენჭისყრა კი 26 ნოემბერს არის დაგეგმილი.
