ქვეყანას მართავენ მაფიოზა ფეხბურთელები, რომლებმაც დაუშვეს ბათუმის გადაქცევა ბრძოლის ველად - ნათელაშვილი
ბათუმი უკვე ბრძოლის ველს დაემსგავსა რამდენიმე დღეში იმის გამო, რომ ქვეყანას მართავენ მაფიოზა ფეხბურთელები მართავენ - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ბათუმში მომხდა დაპირისპირებას თურქ ქომაგებსა და ქართველ სამართალდამცველებს შორის.
ნათელაშვილის თქმით, მომხდარმა ნათლად აჩვენა, რომ ეს იყო ხელისუფლების არარსებობის შედეგი და იმის ფაქტორი, რომ თანამდებობის პირები სახელმწიფოში პირად მოგებაზე ზრუნავენ და ამისათვის მზად არიან გაყიდონ საქართველო თურქზე, რუსზე, არაბზე და ყველაზე, ვინც კი ფულს გადაუხდის.
ნათელაშვილი ითხოვს, ყველა თანამდებობის პირი, ვინც დაუშვა მატჩის გამართვა ბათუმში, დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან.
გახსოვთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სწორი დიპლომატიური ქმედებებით, ხელისუფლების სრული დუმილის ფონზე, თურქეთის პარლამენტში ჩაშალა აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის რეგისტრაცია, რაც ნიშნავდა ფაქტობრივად სოხუმის აღიარებას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და გადავრჩით დიდ შარს. მაგრამ, აი, „შარო, საიდან მოდიხარო“ — ბათუმი უკვე ბრძოლის ველს დაემსგავსა რამდენიმე დღეში იმის გამო, რომ ქვეყანას მართავენ მაფიოზა ფეხბურთელები: პრეზიდენტი ფეხბურთელი, დეპუტატი ფეხბურთელი, მერი ფეხბურთელი, მინისტრი ფეხბურთელი და სწორედ მათი კაზინოების, სასტუმროების და რესტორნებისათვის დიდი მოგების მისაღებად დაუშვეს ბათუმის გადაქცევა ბრძოლის ველად და შემოყარეს იქ თურქი ფუნდამენტალისტების ჯგრო, რომლებსაც წინ მოუძღოდა ლოზუნგი: „ბათუმი თურქეთის პროვინცია — 82-ე. ამ ბატონებს მინდა შევახსენო, რომ ბათუმი კი არ არის თურქეთის პროვინცია, არამედ ტაო-კლარჯეთი, სამხრეთ საქართველო, ერუშეთი, შავშეთი, ართვინი, არტანუჯი, ბორჩხა, სპერი, თორთომი, რიზე, ტრაპიზონამდე — ეს არის ისტორიული საქართველო. და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ წაგვართვა აი, ეს აკვანი ქართული ცივილიზაციისა ჯერ ოსმალეთის თურქეთმა და მერე არსაცხონებელმა ათათურქმა, რომლის სახელსაც გუშინ ბათუმის ქუჩებში გაჰყვიროდნენ. და ამ ტერიტორიებიდან როგორ მოსპო ყოველივე ქართული, როგორ გადააჯიშა და გაათურქა ქართველები, როგორ წაართვა რელიგია, წაართვა მეობა, აყარა და გადაასახლა თურქეთის სხვადასხვა პროვინციებში, ხოლო იშხანი, ოშკი, ბანა — ქართული უძველესი კულტურის ძეგლები გადააქციეს ბოსლებად ან მეჩეთებად. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს და მათაც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ არ გვავიწყდება ისტორიული წარსული საკმაოდ ავბედითი, რაც მათ მოგვიტანეს. ახლა რაც შეეხება აი, ამ განვითარებულ მოვლენებს: ვიმეორებ, ეს იყო ხელისუფლების არარსებობის შედეგი და იმის ფაქტორი, რომ თანამდებობის პირები სახელმწიფოში პირად მოგებაზე ზრუნავენ და ამისათვის მზად არიან გაყიდონ საქართველო თურქზე, რუსზე, არაბზე და ყველაზე, ვინც კი ფულს გადაუხდის. საფრთხე ჩვენ რეალური დავინახეთ და ეს საფრთხე გამოკვეთილია. ჩვენ მოვითხოვთ: პირველი — ყველა თურქი ფუნდამენტალისტი, ვინც გუშინ ანგრევდა ბათუმს და სტადიონს, სამუდამოდ იქნას დაუშვებელ პერსონად გამოცხადებული და არასოდეს არ შემოვიდნენ ისინი საქართველოში არც ტურისტებად, არც ბიზნესის საკეთებლად. ხოლო მათ, ვინც ჩაიდინენ სისხლის სამართლის დანაშაული, თავს დაესხნენ იგივე პოლიციას, დასჯილი იქნან სისხლის სამართლის წესით და სასჯელი მოიხადონ საქართველოში. ტროტუარზე დგომის გამო ჩვენ გვიჭერენ საქართველოს მოქალაქეებს და მათ თურმე შეუძლიათ, თურქებს ამტვრიონ და ანგრიონ ყველაფერი. და რაც მთავარია, ყველა თანამდებობის პირი, ვინც დაუშვა აი, ამ მატჩის გამართვა ბათუმში, დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან. დაუყოვნებლივ და მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რადგან მათმა ანგარებითმა, კორუფციულმა ვნებამ საფრთხე შეუქმნა სახელმწიფოს სტაბილურობას და გამოიწვია აი, ამხელა პოლიტიკური, მატერიალური და გეოპოლიტიკური ზარალი. ჩვენ კიდევ არ ვიცით, თურქეთის პარლამენტში ის 200 თურქი დეპუტატი, რომელთა ქმედება გავანეიტრალეთ, კიდევ ხვალ და ზეგ რას იტყვის და მინდა გითხრათ, რომ ისინი არაფრით არ გამოირჩევიან თურქი ფუნდამენტალისტებისაგან, რომლებიც ყვიროდნენ ამ ლოზუნგებს გუშინ ბათუმის ქუჩებში. აი, ის დეპუტატებიც კი. ამიტომ საფრთხე, რომელიც კარს მოგდგომია, რეალურია. ეს საფრთხე არ მოდის მარტო თურქეთიდან ან ერთი მეზობლიდან — გვყავს ჩვენ ძალიან საშიში მეზობლები, რომლებმაც ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე წაგვლიჯეს არაერთხელ მიწა, მამული, ხალხი, სიმდიდრე და ყველაფერი და კიდევ არ კმაყოფილდებიან და კიდევ იხსენებენ წარსულს და უნდათ კიდევ რამე წაგვლიჯონ. შესაბამისად, უნდა მოვიცილოთ მთავარი მტერი ჩვენი ქვეყნისა და ყველა აი, ამ მტრის წამქეზებელი და წამხალისებელი — ივანიშვილის კრიმინალური, ბანდიტური რეჟიმი და მერე აღარ მოხდება ეს, - განაცხადა ნათელაშვილმა.
