კობახიძე ბათუმში მომხდარზე: როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და არასწორი ქმედებებით პასუხობენ, ძალიან გულსატკენია
ირაკლი კობახიძე “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მათჩის დროს მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რისკების მიუხედავად, ქართულმა მხარემ თურქეთს "უნიკალური შესაძლებლობა" შესთავაზა - საფეხბურთო მატჩი სავსე ტრიბუნებით ბათუმში ჩაეტარებინა.
მისი თქმით, ეს "მეგობრული ჟესტი" იყო საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული "მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით".
კობახიძე "გულსატკენს და გულდასაწყვეტს" უწოდებს, რომ "რამდენიმე ასეულმა გულშემატკივარმა" ქართული მხარის შეთავაზებას "არასწორი ქმედებებით" უპასუხეს.
ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელე“თ სწორედ ჩვენი მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით, რაც აკავშირებს ორ ქვეყანას, საქართველოსა და თურქეთს. მოხარული ვარ, რომ თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება ძალიან ღირსეულად მიიღო და ისინი ჩამოვიდნენ ძალიან ღირსეულად ჩვენს ქვეყანაში, თუმცა იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომელსაც გულშემატკივარსაც ვერ ვუწოდებდი, გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩვენთვის, როდესაც ასეთ ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და ისინი ამას პასუხობენ არასწორი ქმედებებით, ეს არის ძალიან გულსატკენი და გულდასაწყვეტი. თუმცა, საბოლოოდ პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ყველა პოლიციელს. მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, საუბარი მაქვს რადიკალებზე, რომლებიც პროვოკაციული განცხადებებისთვის იყენებენ ასეთ შემთხვევებს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საქართველოს ინტერესებს და თავი შეუკავონ პროვოკაციული და სამარცხვინო განცხადებებისგან“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
რა მოხდა ბათუმში:
თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც. პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს. შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.
