ორიგინალი
5 წელია გამოუძიებელია სუს-ის იმ მაღალჩინოსნის გარდაცვალების საქმე, ვისაც მოსმენები ებარა და ვისი სახელითაც სუს-ის ჩანაწერები გავრცელდა
ტვ პირველი·23:48

5 წელია გამოუძიებელია სუს-ის იმ მაღალჩინოსნის გარდაცვალების საქმე, ვისაც მოსმენები ებარა და ვისი სახელითაც სუს-ის ჩანაწერები გავრცელდა

28 ნოემბერი, 2026 · 23:48

„შაბათის ეთერმა“ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, აკაკი ნემსაძის ბურუსით მოცული და ხუთი წლის განმავლობაში გამოუძიებელი სიკვდილის საქმეზე კითხვები თამაზ ბორაშვილს პარლამენტში დაუსვა, თუმცა სუს-ის ახალ შეფმა აკაკი ნემსაძის შესახებ საუბარი არ ისურვა.

აკაკი ნემსაძე ის პირია, რომლის სახელითაც 2021 წელს სუს-ის 80 ათასამდე ფაილი გავრცელდა. საჯარო სივრცეში პატრიარქ ილია მეორის, მისი დის, მონაზონ ნატალიას, ეპისკოპოსების, მღვდლების, მონაზვნების, მგალობლებისა და სტიქაროსნების საუბრის ჩანაწერები გამოიფინა. „შაბათის ეთერმა“ დასვა კითხვა, რა დაადგინეს ასეთი მასშტაბური გაჟონვის ამბავზე და რა ვითარებაში დაიღუპა სუს-ის სტაჟიანი თანამშრომელი აკაკი ნემსაძე?

38 წლის აკაკი ნემსაძე სუს-ში იმ დანაყოფის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც „ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში მოსმენები და ფარული თვალთვალი ჰქონდა ჩაბარებული.

პირველი და ერთადერთი ინტერვიუ „შაბათის ეთერმა“ აკაკი ნემსაძის დედასთან მისი გარდაცვალებიდან წელიწად-ნახევარში ჩაწერა. დედა დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი მოკლეს, მკვლელობა კი მის სამსახურსა და საქმიანობას უკავშირდებოდა.

ოჯახის არაერთი მოთხოვნის, საჯარო ინტერვიუსა და კითხვების მიუხედავად, მეხუთე წელია, ნემსაძის საქმის გამოძიებაზე ახალი არაფერი დადგენილა. საჯაროდ არცერთი განცხადება არ გაკეთებულა და არც მუხლი გადაკვალიფიცირებულა. ძიება ხუთი წლის წინ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს და ახლაც უსასრულოდ გრძელდება. უკავშირდებოდა თუ არა სპეცსამსახურების საიდუმლო დანაყოფის მეთაურის გარდაცვალება სუს-იდან ფაილების გაჟონვას, ამ გარემოების დადგენას ოჯახი პროკურატურისგან წლებია ელოდება.

"თვითმკვლელობის ვერსია რომ გამოგონილი იყო და აკაკი ნემსაძე სავარაუდოდ ვიღაცამ მოიშორა", „შაბათის ეთერთან“ ოთხი წლის წინ მისი მეუღლეც საუბრობდა. ამ ეჭვს დიანა ჯინჭარაძეს იმ დღეს განვითარებული მოვლენები უმყარებდა, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც მისი თქმით, აკაკის 8 ივლისის დილით, სამსახურში წასვლამდე გაუგზავნეს.

ვინ ან რა შინაარსის მესიჯი მისწერა სპეცსამსახურების მაღალჩინოსანს, მეუღლემ არ იცის. უცნობია, დაადგინა თუ არა ეს გარემოება გამოძიებამ. თუმცა, დიანა ჯინჭარაძისთვის საეჭვო იყო ქმართან ბოლო კომუნიკაციაც. ნემსაძემ ცოლს ჯერ უთხრა, რომ მეგობართან იყო და ფეხბურთს უყურებდა. ღამის პირველ საათზე ცოლმა ნემსაძეს ისევ დაურეკა. სპეცსამსახურების თანამშრომელმა მეუღლეს უთხრა, რომ სახლში, ვარკეთილში ბრუნდებოდა და ვახშმის გამზადება სთხოვა.

ამ ზარიდან მალევე, ვარკეთილის ნაცვლად, აკაკი ნემსაძე დიდ დიღომში აღმოჩნდა - გეხტმანის ქუჩაზე, მისი მეგობარი ირაკლი შამათავა ცხოვრობს. შამათავა 2022 წელს „შაბათის ეთერს“ უყვებოდა, რომ აკაკი ნემსაძე იმ დღეს დილის 7 საათზე მოულოდნელად ესტუმრა. მეგობართან მისულმა ნემსაძემ რატომღაც მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა. რამდენიმე წუთში კი შამათავებმა გაიგეს, რომ მათი სახლიდან რამდენიმე მეტრში პოლიციამ აკაკი ნემსაძის ცხედარი იპოვა.

სუს-ის მაღალჩინოსნის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება იმავე დღეს თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ჯერ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულიც კი არ იყო, როდესაც გარდაცვლილის ოჯახში სუს-ის წარმომადგენლები მივიდნენ და აკაკი ნემსაძის დედასა და მეუღლეს არწმუნებდნენ, რომ მან თავი მოიკლა.

გარდაცვლილის ოჯახის თქმით, თვითმკვლელობის ვერსიისთვის საკმარისი მტკიცებულებები აკაკი ნემსაძის საქმეში არც მაშინ არსებობდა და გამოძიებამ ვერც ხუთი წლის თავზე დადო. ოჯახმა სატელეფონო კომუნიკაციის დროს „შაბათის ეთერს“ უთხრა, რომ კითხვები, რაც წლების წინ ჰქონდათ, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, თუმცა ამ თემაზე ახლა საუბარი არ სურთ.

ხუთი წლის განმავლობაში არ არსებობს საჯაროდ დასახელებული მოტივი და დაუდგენელია გარემოება - რატომ უნდა მოეკლა თავი აკაკი ნემსაძეს? მოტივი საგამოძიებო უწყებას არ უთქვამს. თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას კი გამოძიება 2022 წელს ერთადერთი მოწმის, 45 წლის ანა თაქთაქიშვილის ჩვენებით ცდილობდა. ის შემთხვევის ადგილიდან მოშორებით ცხოვრობდა, თუმცა ჩვენებაში წერდა, რომ საძინებელ ოთახში იმყოფებოდა, როდესაც თვითმკვლელობის ფაქტი დაინახა და გაიგო გასროლის ხმაც.

ანა თაქთაქიშვილის ეს ჩვენება კითხვებს ჯერ კიდევ წლების წინ აჩენდა, რადგან გეხტმანის ქუჩა მჭიდროდ დასახლებული უბანია და შემთხვევის ადგილთან უფრო ახლოს სხვა სახლები დგას. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც თვითმკვლელობის და არც გასროლის ხმა გამოძიების „ოქროს მოწმის“ გარდა არავის გაუგია. ფაქტი არ დაუნახავთ არც იმ სახლიდან, რომლის ჭიშკართანაც ნემსაძის ცხედარი ნახეს.

დაუდგენელია და არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, როგორ მივიდა აკაკი ნემსაძე გარდაცვალების ადგილთან - ის მარტო იმყოფებოდა თუ ვინმეს შეხვდა? ამის დადგენა გამოძიებას კამერების ჩანაწერითაც შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთეს. კადრების ამოღებით მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ დაინტერესდნენ, ამ დროს კი ჩანაწერები აღარ არსებობდა.

სუს-ის ექსმაღალჩინოსნის საქმის გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მეხუთე წელია ისე მიდის, რომ შემთხვევის ადგილზე, სადაც წესით ნემსაძე მარტო იყო, კრიმინალისტებმა მთავარი მტკიცებულება - ტყვიის გულა ვერ იპოვეს. გამოძიებას დამატებითი კითხვები არ გასჩენია არც გასროლის ტრაექტორიასა და დისტანციაზე. არადა, ნემსაძეს სასიკვდილო ჭრილობა მარცხენა უკანა მხრიდან, თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ამ ტრაექტორიით გასროლა კი მხოლოდ მემარცხენე ადამიანს შეუძლია, ნემსაძე კი ცაცია არ იყო.

მეხუთე წელია პასუხგაუცემელია კითხვები სროლის დისტანციაზეც. აკაკი ნემსაძის ცხედრის ფოტოების დათვალიერების დროს ადვოკატებმა მიბჯენით სროლა კატეგორიულად გამორიცხეს. გარდაცვლილის ხელზე და ტანსაცმელზე ექსპერტებმა ვერც დენთის კვალი იპოვეს.

ამ გარემოებებზე პასუხების გაცემას ოჯახი ექსპერტიზის დასკვნაში ელოდა, მაგრამ 2022 წელს ექსპერტი, რომელსაც დასკვნა უნდა დაეწერა, მოულოდნელად გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, საქმეს ჩამოაშორეს გამომძიებელიც, რომელმაც საეჭვო გარემოებებზე კითხვები სამხარაულის ბიუროს გაუგზავნა.

აკაკი ნემსაძის ოჯახისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა გამოძიების კიდევ ერთი ვერსია - მაშინ გარდაცვლილის ახლობლებს უთხრეს, რომ ნემსაძე სუიციდამდე გარდაცვალების დღეს მომხდარმა ავარიამ მიიყვანა. საბოლოოდ, ნემსაძის ახლობლების თქმით, ავტოავარიის ვერსიაც გამოგონილი აღმოჩნდა, რადგან აკაკი ნემსაძის ოჯახმა საკუთარი ძალებით გაარკვია, რომ იმ დღეს საჭესთან არა ნემსაძე, არამედ მისი მოადგილის, გიორგი გოგოლაძის ძმა, დავით გოგოლაძე იჯდა.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, აკაკი ნემსაძის ოჯახი და ადვოკატები საქმის გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

რა ეტაპზეა საგამოძიებო მოქმედებები, განმარტებებს პროკურატურა არ აკეთებს.

მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. 5 წელია გამოუძიებელია სუს-ის იმ მაღალჩინოსნის გარდაცვალების საქმე, ვისაც მოსმენები ებარა და ვისი სახელითაც სუს-ის ჩანაწერები გავრცელდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·23:45

„კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?!“ - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს

„კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?!“  - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს
ტვ პირველი·23:24

კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20%

კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20%
ტვ პირველი·23:17

როგორ ითრევენ არასრულწლოვნებს ნარკორეალიზატორები - ვინ ყიდის სიკვდილს საქართველოში?

როგორ ითრევენ არასრულწლოვნებს ნარკორეალიზატორები - ვინ ყიდის სიკვდილს საქართველოში?
ტვ პირველი·23:13

„ქართულმა ოცნებამ“ ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს და პოლიციას!“ - ლევან ცუცქირიძის გამოსვლა

„ქართულმა ოცნებამ“ ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს და პოლიციას!“ - ლევან ცუცქირიძის გამოსვლა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.